რიხით დაიწყო ახალი სეზონი გიორგი შერმადინმა. ესპანური ტენერიფეს ქართველმა ვეტერანმა ცენტრმა მადრიდის რეალს 23 ქულა ჩაუგდო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. სამწუხაროდ, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა და მომდევნო ეტაპზე სამეფო გავიდა. ტენერიფელებმა შეხვედრა ბოლო წამებზე, მინიმალური სხვაობით – 71:72 დათმეს.
შეხვედრა გაიმართა ესპანეთის სუპერთასის ეგიდით, რომელშიც გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. სუპერთასს მალაგა მასპინძლობს და ამ ქალაქის უნიკახამ ვალენსიასთან 87:93 წააგო. შესაბამისად, ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს რეალი და ვალენსია შეხვდებიან.
ტენერიფელებმა პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით მოიგეს. შერმადინი არ იყო სასტარტო ხუთეულში, თუმცა მან 30:13 წუთი ითამაშა და ძალიან კარგადაც. გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოუტანა. მას მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში საუკეთესო ჰქონდა – 28. წაგებულთაგან 14 ქულა ჩააგდო მარსელინიო უერტასმა. რეალში საუკეთესო სერხიო ლულს 12 ქულა ჰქონდა, ასევე ამერიკელ დეკსაც.საბოლოოდ, ბოლო წამებზე უკეთესი თამაშის წყალობით, რეალმა 72:71 მოიგო და ფინალში გავიდა.
ტენერიფე მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, 4 ოქტომბერს, მანრესასთან გამართავს.