შერმადინი ფინალშია, ბოისა – დაამუხრუჭეს

შერმადინი ფინალშია, ბოისა – დაამუხრუჭეს

            საბერძნეთის ჩემპიონატი
 
გიორგი შერმადინის „პანათინაიკოსი“ ფინალში გავიდა, სადაც ტრადიციულ მეტოქე „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება. ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში „პაომ“ 75:65 დაამარცხა „პანელინიოსი“ და სერია 3:0 მოიგო.
ამ შეხვედრაში შერმადინმა წუთზე ოდნავ მეტ ხანს ითამაშა და 2 ქულის მითვლა მოასწრო. გიორგიმ ის 1 საჯარიმო, რომელიც მის ორქულიანს მოჰყვა, ააცილა.
„პანათინაიკოსს“ ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა აქვს. პირველი მატჩი 26 მაისს გაიმართება.
 
 ხორვატიის ჩემპიონატი
 
ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურების შემდეგ, ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ გასვლითი მატჩი ზაგრებში „ცედევიტასთან“ 76:83 წააგო და საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.
ზაგრებულ მატჩში ბოისამ ხუთეულში ითამაშა და მოედანი 5 პერსონალური ჯარიმის მიღების შემდეგ დატოვა. მან მოედანზე 34 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბოისამ 7 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან და შორი დისტანციიდან ერთნაირი წარმატებით ესროლა: 3–დან 1.
მომდევნო მატჩი, რომელმაც ფინალში გასული გუნდი უნდა გამოავლინოს, 25 მაისს გაიმართება. ფინალში უკვე გასულია „ციბონა“, რომელმაც „ზაგრებს“ სერია 2:0 მოუგო.