შერმადინის 1 ქულა და “პანათინაიკოსის” ევროლიგური მარცხი

ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “პანათაინაიკოსმა”, რომლის ღირსებას ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს, ტოპ-16-ის პირველ ტურში ბელგრადის “პარტიზანს” უმასპინძლა და მწირქულიან მატჩში 59:64 დამარცხდა.
ათენის არენა O.A.K.A.-ზე შეხვედრის საყურებლად 11 800 (!) ქომაგი შეიკრიბა, თუმცა, საყვარელი გუნდის გამარჯვების ნაცვლად, სერბული კლუბის ტრიუმფის მომსწრე გახდა.
“პარტიზანი” მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდათ, მაგრამ, მეტოქეს დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა, ბოლო პერიოდში კი მასპინძლებს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ ჟელკო ობრადოვიჩის შეგირდებმა დასკვნით ათწუთეულში მხოლოდ 7 ქულა ჩააგდეს, სულ კი მეორე ტაიმში 17 (!) ქულა მიითვალეს და ცხადია, მარცხისთვის გაიწირნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი მაიკ ბატისტე ტრავმის გამო უქმობდა, “პაოს” თავკაცმა შერმადინი მხოლოდ 07.49 წუთს ათამაშა, რა დროშიც ჩვენებურმა 1 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, სერბები კი მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ.
ათენელთა რიგებში საუკეტესო სპანულისმა 14 ქულა ჩააგდო, “პარტიზანს” კი ვესელიმ (13), ბოჟიჩმა (12) და რობერტსმა (12) ულიდერეს.
E ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს ბარსელონაში შედგება, სადაც ადგილობრივი გრანდი ბერძნულ “მარუსის” უმასპინძლებს. 4 თებერვალს “პაო” სწორედ ამ „მარუსს“ ესტუმრება.
 

გიორგი შერმადინი