შერმადინის 15 ქულა 15 წუთში და MVP-ის ტიტული თელავივურ მატჩში

შერმადინის 15 ქულა 15 წუთში და MVP-ის ტიტული თელავივურ მატჩში

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, ესპანურმა “უნიკახამ” თელ ავივში “მაკაბი” დაამარცხა. ევროლიგის მე-15 ტური საუკეთესო გამოდგა მალაგელთა ქართველი ცენტრისთვის. შერმადინმა უნიკახელებს ულიდერა და ევროლიგის 28 დეკემბერს გამართული 4 მატჩიდან საერთო შედეგიანობით მხოლო ლუკა დონჩიჩს ჩამორჩა. მადრიდის “რეალის” სლოვენიელმა გენიოსმა “ფენერბაჰჩესთან” მოგებულ მატჩში 20 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა.

დონჩიჩის სარგებლიანობის ინდექსმა 37-ს უწია, რის შემდეგაც 26 ერთეულით მოდის გიორგი შერმადინი. ქართველმა ცენტრმა თელავივურ მატჩში 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა და “უნიკახას” “მაკაბი” 89:78 დაამარცხებინა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 15:10 წუთით გამოჩნდა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. შერმადინი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო და 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 5-დან 5 საჯარიმო მოაყოლა.

ქულების მხრივ “უნიკახაში” უფრო შედეგიანი 2 კალათბურთელი იყო: სერბმა ლეგიონერმა ნემანია ნედოვიჩმა 20 ქულა ჩააგდო, ამერიკელებმა ჯეფ ბრუკსმა კი 18 მიითვალე. 7 მოგებითა და 8 მარცხით “უნიკახა” ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს მალაგელები 2018 წლის 4 იანვარს, შინ “ვალენსიასთან” ჩაატარებენ.