შერმადინის 16 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და MVP-ს ტიტული პესაროში

შერმადინის 16 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და MVP-ს ტიტული პესაროში

გიორგი შერმადინის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. იტალიური „კანუს“ ქართველმა ცენტრმა სერია A-ს მორიგ ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გასვლითი მატჩის მოგებაში დიდად დაეხმარა.
კანტუელები პესაროში „კონსულტინვესტს“ შეხვდნენ და საკმაოდ იოლად – 103:83 დაამარცხეს. შერმადინი, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 22 წუთი გაატარა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. გიორგიმ დააგროვა ყველაზე მაღალი (31) მარგი ქმედების კოეფიციენტი.

შერმადინმა თითქმის უშეცდომოდ ესროლა. საქართველოს ნაკრების წევრმა 6-დან 6 საჯარიმო და 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად გიორგიმ 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აღსანინავია, რომ შერმადინის გუნდში 3 კალათბურთელს დაუგროვდა 17-17 ქულა: ჯონსონ-ოდომს, ჯენტილეს და ფელდეინს.
6 მოგებითა და 8 მარცხით „კანტუ“ ცხრილში 9-10 ადგილებს იყოფს „პისტოიასთან“. მორიგი მატჩი შერმადინის გუნდს 11 იანვარს, შინ „რომასთან“ ელის.