შერმადინის პირადსარეკორდო 19 ქულა და უმაღლესი შეფასება ბილბაოში მოგებით ვერ დაფასდა

შერმადინის პირადსარეკორდო 19 ქულა და უმაღლესი შეფასება ბილბაოში მოგებით ვერ დაფასდა

გიორგი შერმადინი შეუჩერებელია. ესპანეთის მორიგი ტურის მატჩში “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა “ბილბაოს’ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მალაგელებს რომ ემარჯვათ, დიდი ალბათობით ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა. “უნიკახამ” სტუმრად გამართული შეხვედრა ბოლბაოელებთან 67:70 წააგო.

შერმადინი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:03 წუთში 19 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ხაზგასასმელია, რომ შერმადინისთვის 19 ქულა უმაღლესი შედეგია “უნიკახას” შემადგენლობაში. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. ქართველი ლეგიონერი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 26-ს გაუტოლდა, რაც ჯერჯერობით, მთლიანად ტურის საუკეთესო მაჩვენებელიცაა. 

“უნიკახას” 13 მატჩში 6 მოგება აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა მალაგელებს შინ, 2 იანვარს, მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიასთან” ელით.