შერმადინის 8 ქულა, 8 მოხსნა და ბრძოლაში მარცხი კატალონიაში “ბარსელონასთან”

შერმადინის 8 ქულა, 8 მოხსნა და ბრძოლაში მარცხი კატალონიაში “ბარსელონასთან”

გიორგი შერმადინის “უნიკახა” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კატალონიაში “ბარსელონას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:94 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა რიგიანად ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2-2 ქულა-მოხსნა დააკლდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:14 წუთში 8 ქულა და 8 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. საუკეთესო “უნიკახას” ახალწვეული რაიან ბოატრაითი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.

მალაგელებს 11 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდათ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს, შინ, მადრიდის “რეალთან” გამართავენ.

ტრავმის გამო კვლავ ვერ თამაშობს თორნიკე შენგელია, რომლის “ბასკონიამაც” გასულ ტურში “ობრადორიო” მიიღო და 72:63 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ქართულპასპორტიანი მეტ ჯენინგსი, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

13 მოგებითა და 5 მარცხით “ბასკონია ცხრილში მე-3 ადგილზეა და მორიგ მატჩს 3 თებერვალს სტუმრად, “გრან კანარიასთან” გამართავს.