შერმადინის ბომბარდირობით “ანდორამ” “გრან კანარიას” მოუგო და საპლეიოფო ზონაში გამაგრდა

შერმადინის ბომბარდირობით “ანდორამ” “გრან კანარიას” მოუგო და საპლეიოფო ზონაში გამაგრდა

გიორგი შერმადინის „ანდორა მორაბანკი“ აღარ ხუმრობს. ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ანდორელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ.
„ანდორას“ მორიგი მსხვერპლი საკმაოდ ძლიერი „გრან კანარია“ გამოდგა, რომლის დამარცხებაშიც ქართველ ცენტრს დიდი წვლილი მიუძღვის. ანდორელებმა კუნძულელებს 84:77 სძლიეს. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში – 27 წუთი ითამაშა და მატჩის ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიქნი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მატჩში უმეტესი – 17 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად შერმადინს 6 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა.
ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და 2 ერთეულით ჩამორჩა თანაგუნდელ ვოიდან სტოიანოვსკის მონაგარს, რომელმაც 31 წუთში 15 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა დევიდ ნავაროს.
„ანდორას“ 7 მოგება და 6 მარცხი აქვს, რაც საპლეიოფო ზონაში (8 საუკეთესოში) ადგილის მყარი გარანტია. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 3 იანვარს, სტუმრად „მონბუსთან“ გამართავს.