ევროლიგაში წაუგებლად მოასპარეზე გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“ პირველი მარცხი განიცადა. ლიუბლიანური გუნდი მოსკოვში ცსკა–სთან 55:65 დამარცხდა.
მოსკოველებმა პირველსავე მეოთხედში გაარკვიეს გამარჯვებულის ვინაობა, როცა საწყისი ათწუთეული 20:5 მოიგეს. მართალია, ლიუბლიანელებს მომდევნო მეოთხედები არ წაუგიათ, მაგრამ 15–ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.
„ოლიმპიას“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მოთამაშე გამოირჩა – კევინ პინკნიმ 26 ქულა მოაგროვა, დანარჩენებმა კი 10–ქულიან ზღვარსაც ვერ მიაღწიეს. გიორგი შერმადინი მოედანზე მხოლოდ 5 წუთით გამოჩნდა და ლიულიანელებს 2 ქულა შესძინა. ქართველმა ცენტრმა ორიდან 1 სროლა ჩაააგდო.
გიორგი შერმადინი
„ოლიმპიასთვის“, რომელმაც აქამდე 3 მოგება დააგროვა, ეს პირველი მარცხი იყო. თითო მარცხი აქვთ „პანათინაიკოსსა“ და „ეფესს“, რომლებიც ერთმანეთს ხვალ ეთამაშებიან. ოლიმპიელები კი მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს, შინ „ვალენსიასთან“ ჩაატარებენ.
გერმანულ ბუნდესლიგაში მორიგი ტურის მატჩი გამართა ლაშა გამყრელიძის „გიოსენმა“. ქართველი გამთამაშებლის გუნდი სტუმრად „არტლანდს“ შეხვდა და სამარცხვინო მარცხი იწვნია – 58:89.
გამყრელიძე ტრადიციულად ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად მხოლოდ 17 წუთი ითამაშა. მან საბოლოოდ 4 ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გამყრელიძემ 6–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
„გიოსენი“, რომელმაც ბუნდესლიგა 4 გამარჯვებით დაიწყო, წაგებებს უხშირა და ახლა 5 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და მე–7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „გიოსენი“ 13 ნოემბერს ბრაუნშვაიგში გამართავს.