შერმადინის “ოლიმპიამ” მოსკოვის ცსკა მშრალზე დატოვა

შერმადინის “ოლიმპიამ” მოსკოვის ცსკა მშრალზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრით გაძლიერებულმა ლიუბლიანის „ოლიმპიამ“ ევროლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. თანაც რიგითი გუნდი კი არა, თვით მოსკოვის ცსკა დაამარცხა და რუსული არმიის საამაყო გუნდი ჯგუფში ჩატოვა. ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ლიბლიანაში 72:81 მარცხის შემდეგ არმიელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაეწურათ.
 
სლოვენიური გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ დამაჯერებლად – 13 ქულას იგებდა, თუმცა მე-3 მეოთხედის “ჩაგდების” (12:24) გამო, ბოლო წუთებამდე ნერვიულობა მოუხდა. მასპინძელთა საბედნიეროდ, თამაშის მიწურულისკენ მოსკოველებმა გადამწყვეტი ტყორცნები გააცუდეს და “ოლიმპიამაც” 9 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
 
ვლადიმერ ბოისა კვლავ ტრავმირებულია და ლიუბლიანელთა განაცხადში არ ყოფილა, შერმადინმა კი მოედანზე 10:39 წუთი გაატარა და 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა (ცნობისთვის, ევროლიგის მე-3 ტურიდან მოყოლებული გიორგის ზედიზედ 18 საჯარიმო აქვს ჩაგდებული).
 
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ლიუბლიანელები 22 დეკემბერს ვალენსიაში გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გასვლის ჩინებული შანსი აქვთ.