შერმადინის “ოლიმპიამ” შერმადინის “პანათინაიკოსი” დაამარცხა

შერმადინის “ოლიმპიამ” შერმადინის “პანათინაიკოსი” დაამარცხა

გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპია“ ევროლიგაში დაუმარცხებლად ასპარესობს. სლოვენიურმა გრანდმა მესამე ტურის მატჩი ლიუბლიანაში ათენური „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 85:84 დაამარცხა.
 
ლიუბლიანელებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა და ისინი ევროლიგის D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. არადა, „ოლიმპიას“ ჯგუფში კონტინენტის უძლიერესი გუნდები ჰყავს – მოსკოვის ცსკა, „პანათინაიკოსი“, „ვალენსია“, „მილანი“ და თურქული „ეფესი“.
 

გამარჯვებული ლიუბლიანელები მაყურებელს მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის
 
„პანათინაიკოსთან“ შეხვედრაში ლიუბლიანელებმა მართლაც რომ იყოჩაღეს. პირველი მეოთხედის 16:22 წაგების შემდეგ მეორე ათწუთეულში მეტოქეს შავი დღე აყარეს – „ოლიმპიამ“ 23:6 მოიგო და დიდ შესვენებაზე 11–ქულიანი ლიდერობით გავიდა. ბერძნები არ დანებდნენ და მესამე პერიოდი სწორედ 11 ქულით მოიგეს და გადამწყვეტო მეოთხედის წინ ანგარიში გაათანაბრეს.
 
ბოლო ათწუთეულში ვერაფერი გაირკვა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა, სადაც უფრო მობილიზებულები მასპინძლები აღმოჩდნენ და საბოლოოდ ერთი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
 
ბოისა ტრავმის გამო დეკემბრამდე ვერ თამაშობს, გიორგი შერმადინი კი მოედანზე 7,17 წუთით გამოჩნდა. მან 2–დან 1 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. საბოლოოდ შერმადინს 4 ქულა და 1 მოხსნა დაუგროვდა. შერმადინისთვის ამ გამარჯვებას განსაკუთრებული გემო ჰქონდა, რადგან სწორედ “პანათინაიკოსია” მისი მფლობელი გუნდი, რომელმაც ქართველი ცენტრი “ოლიმპიაში” გაანათხოვრა.
 
მომდევნო მატჩს „ოლიმპია“ 10 ნოემბერს მოსკოვში, ცსკა–ს წინააღმდეგ გამართავს. რუსული არმიის გუნდი ბევრისთვის მოულოდნელად სამიდან სამი წაგებით ბოლო ადგილზე იმყოფება.