შერმადინის პირადსარეკორდო დებიუტი “ოლიმპიაში”

შერმადინის პირადსარეკორდო დებიუტი “ოლიმპიაში”

გიორგი შერმადინმა ლიუბლიანის „ოლიმპიაში“ პირადი რეკორდი დაამყარა. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში სლოვენიური გუნდი ბელგრადში „ჰემოფარმს“ ხვდებოდა და ამ დაპირისპირებაში ქართველმა ცენტრმა 13 ქულას მოუყარა თავი. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ოლიმპიელებმა ეს შეხვედრა დათმეს – 74:84.
 
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 19,45 წუთი გაატარა. მან 8 ორქულიანიდან მეტოქის კალათში 6 მოათავსა, ხოლო 3 საჯარიმოდან 1 ჩააგდო და შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. შერმადინის ანგარიშზე 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაც იყო.
 
ლიუბლიანელთათვის, რომლებსაც 4 გამარჯვება აქვთ, ეს მეორე დამარცხება იყო და ისინი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდბნენ. მომდევნო მატჩს „ოლიმპია“ 13 ნოემბერს ლიუბლიანაში, მაკედონიურ „შიროკისთან“ გამართავს.
 
გაიმარჯვა და იტალიური სერია A–ს ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“. ბოლონიელებმა სტუმრად „სკავოლინი“ 70:66 დაამარცხეს.
 

უტევს ვიქტორ სანიკიძე
 
ვიქტორ სანიკიძემ 20 წუთს ითამაშა და 4 ქულას, 7 მოხსნას და 1 პასს დასჯერდა. მან 6 ორქულიანიდან 2 გამოიყენა, ხოლო ერთადერთი სამიანი ააცილა. სანიკიძის გუნდს 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, ისევე როგორც მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“, თუმცა ბურთების შეფარდების გათვალისწინებით ბოლომოელები მეორეზე, ხოლო კანტუელები მე–7 ადგილზე იმყოფებიან.
 
ესპანურ პრიმერადივიზიონში წარუმატებელი დღე ჰქონდათ ჩვენი ნაკრების ლეგიონერებს. ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ლაგუნ არომ“ მადრიდში „რეალთან“ 53:83 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი თამაში უქულოდ, ერთადერთი მოხსნით დაასრულა. რაც შეეხება ქართულპასპორტიანი ტორინ გრინის „გრან კანარიას“, კუნძულელები სტუმრად ესტუდიანტესთან დაძაბულ ბრძოლაში – 71:73 დამარცხდნენ. გრინმა 25 წუთს ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 5 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. მან 6–დან 3 სამქულიანი და 3–დან 1 ორიანი ჩააგდო.
 
გერმანულ ბუნდესლიგაში მოთამაშე ლაშა (გიორგი) გამყრელიძის “გესენი” გასვლით შეხვედრაში “სკაილაინერსთან” 64:82 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 27,51 წუთში თავისიანებს 7 ქულით (6-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 3 შედეგიანი გადაცემითა და ერთი ჩაჭრით შეეწია.
სადღეისოდ “გესენს” 5 მოგება და 3 წაგება აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.
 
წააგო თორნიკე შენგელიას “პეპინსტერმაც”. ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში პირველობის ლიდერ “აალსტთან” 81:85 წააგო. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა 28:20 მოიგეს და ამის წყალობით ჩემპიონატში მე-5 გამარჯვება გაიფორმეს, “პეპინსტერი” კი 2 გამარჯვებითა და 3 მარცხით მე-6 ადგილზეა.
ქართველი ფორვარდი მოედანზე გატარებულ 15 წუთში 4 ქულას (4-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და ერთ მოხსნას დასჯერდა.