თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მისმა “ბასკონიამ” მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში სტუმრად, მალაგაში, გიორგი შერმადინის “უნიკახა” 80:64 დაამარცხა და სერია საერთო ანგარიშით – 2:0 მოიგო.
ორივე ქართველი კალათბურთლი სასტარტო ხუთულში იყო. ეს შერმადინისთის პირველი სასტარტო გახლდათ, რაც ორთვიანი ტრავმიანობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა შედეგიანად ითამაშა – 20:25 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ სამივე ორქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა და ეს, კარლოს სუარესის (8 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი) მსგავსად, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სარგებლიანად გაისარჯა შენგელიაც, რომელმაც 18:30 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
“ბასკონია” ნახევარფინალში “ბარსელონა” – “ანდორას” შორის გამარჯვებულს შეხვდება. სერიას ბექა ბურჯანაძის გუნდი იგებს, რომელმაც კატალონიაში დაანარდგურა ფავორიტად მიჩნეული “ბარსელონა”. საპასუხო მატჩი დღეს ანდორაში გაიმართება.