შერმადინმა და ცინცაძემ თავიანთ გუნდებს გამარჯვებაში 2–2 ქულა მიაშველეს

შერმადინმა და ცინცაძემ თავიანთ გუნდებს გამარჯვებაში 2–2 ქულა მიაშველეს

გიორგი შერმადინის „ოლიმპიამ“ ევროლიგის მეორე ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა. თანაც უბრალო გუნდთან კი არა – ლიუბლიანელებმა მილანში ის „არმანი“ დაამარცხეს, რომელმაც პირველ ტურში მოსკოვში ცსკა დაამარცხა. მატჩის მსვლელობისას სლოვენიური გუნდი აგებდა 10–12 ქულით, თუმცა მეორე ტაიმში თამაში დაალაგა და საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 76:72.
 

შეტევაზეა გიორგი შერმადინი
 
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 14,40 წუთი გაატარა და ლიუბლიანელებს 2 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით შეეწია. შერმადინს კიდევ შეეძლო ქულების შემატება, მაგრამ ორივე საჯარიმო ააცილა. თამაშიდან გიორგის ბურთი არ აუცელია – ფარქვეშიდან განხორციელებული ერთადერთი სროლა მილანელთა კალათში მოათავსა.
 
2–დან 2 გამარჯვებით „ოლიმპია“ ბერძნულ „პანათინაიკოსთან“ ერთად ჯგუფის ლიდერია. მომდევნო ტურში, 4 ნოემბერს, სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ლიუბლიანაში. შერმადინს თავისზე უფლებების მქონე გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში (ის „პანათინაიკოსის“ მფლობელობაშია და „ოლიმპიაში“ იჯარის წესით თამაშობს).
 
პირველ ადგილზეა, ოღონდ ბალტიის ლიგაში, გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკი“, რომელმაც წუხელ ლიტვაში „პერლასი“ 61:56 დაამარცხა. ქართველი გამთამაშებელი ამ ბოლო მატჩებში ცოტა ინერტულია. ის ხუთეულში აღარ ჩანს და მოედანზე შედარებით მცირე დროს ატარებს.
 
„პერლასთან“ შეხვედრაში ცინცაძემ 14 წუთი ითამაშა და მოედანი 2 ქულით, 1 პასითა და 1 მოხსნით დასტოვა. გიორგიმ 4–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი გააცუდა.
 
ტარტუელებს 7 თამაშიდან 5 მოგება აქვთ და ბალტიის ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს „როკი“ 6 ნოემბერს ტარტუში, რიგის ვეფ–თან გამართავს.