შერმადინმა ევროლიგა დააგემოვნა

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში გამოჩნდა ქართველი კალათბურთელი – გიორგი შერმადინმა ათენური „პანათინაიკოსის“ შემადგენლობაში 12 წუთი ითამაშა მილანში, იქაური „არმანის“ წინააღმდეგ ევროლიგის ეგიდით გამართულ მატჩში. ბერძნულმა და სრულიად ევროპის ერთ–ერთმა უძლიერესმა კლუბმა 75:67 დაამარცხა იტალიური გუნდი და ამაში შერმადინსაც მიუძღვის სოლიდური წვლილი.
მართალია, გიორგიმ ისე ვერ გამოიჩინა თავი, როგორც ამხანაგურ მატჩებში, მაგრამ „პანათინაიკოსს“ გვარიანი სამსახური გაუწია. შერმადინმა 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა და ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, მოედანზე იყო. აღსანიშნავია, რომ ბერძნული კლუბის ძირითადი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა და ეს ბედი ეწია შერმადინსაც, თუმც „პანათინაიკოსს“ ბოლო წუთებზე დაგროვილი უპირატესობა მატჩის მოსაგებად ეყოთ.
ეს იყო ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. „პანათინაიკოსი“ ჯგუფში „არმანისთან“, მადრიდის „რეალთან“, პოლონურ „პროკომთან“, მოსკოვურ „ხიმკისთან“ და გერმანულ „ოლდენბურგთან“ ერთად მოხვდა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 4 საუკეთესო გუნდი გადის. მომდევნო მატჩს „პანათინაიკოსი“ ათენში „ხიმკის“ წინააღმდეგ გამართავს.
 

გიორგი შერმადინი