გიორგი შერმადინმა ევროლიგის უდაძაბულეს მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავისი საქმე გააკეთა. მან ბოლო მეოთხედში 9 ქულით ჩამორჩენილ „ოლიმპიას“ თამაში შემოატრიალებინა და საბოლოოდ ქართველი ცენტრის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა იტალიურ „არმანი ჯინსთან“ შეხვედრაში. მილანური გუნდი ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის და ლიუბლიანაში მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ „ოლიმპიამ“ შეუპოვრობისა და 13 ათასამდე თავგადაკლული გულშემატკივრის წყალობით მეტოქე 82:75 დაამარცხა.
შერმადინი (მარჯვნივ) გამარჯვებას ზეიმობს
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. „ოლიმპია“ თავიდან 14:0 იგებდა და პირველი ტაიმიც დამაჯერებლად – 42:52 იმარჯვა. მესამე ათწუთეულში სტუმრები გააქტიურდნენ და პერიოდი 25:9 მოიგეს. შესაბამისად, ლიდერობა მოიპოვეს, რომელიც ბოლო მეოთხედის შუაწელში 9–ამდე გაზარდეს. სწორედ ამ დროს იყოჩაღა შერმადინმა, რომელსაც მანამდე, პირველ ტაიმში, მხოლოდ 4 წუთი ჰქონდა ნათამაშები და უქულოდ იყო. ქართველმა ცენტრმა ბოლო პერიოდის იმ 6 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, 7 ქულა მოიპოვა. გამოსარჩევია ის პერიოდი, როცა შერმადინმა ბურთი ჩატენა და ამ დროს მასზე მილანელები დაჯარიმდნენ. გიორგიმ საჯარიმოც ჩააგდო და „ოლიმპიას“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, რის შემდეგაც ლიუბლიანელებს ხელ–ფეხი გაეხსნათ და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
შერმადინმა მთლიანობაში მოედანზე 10 წუთი გაატარა და 7 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მან 3–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი შეუმცდარი გახლდათ: 3–დან 3.
ამ გამარჯვებით „ოლიმპიამ“ ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა, თუმც კვლავ „პანათინაიკოსთან“ ზიარად. ორივე გუნდს 5 მოგება და 2 მარცხი აქვთ და ისინი უკვე ცალი ფეხით ჯგუფიდან არიან გასულები. შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4 საუკეთესო გადის. მომდევნო მატჩს „ოლიმპია“ 9 დეკემბერს ათენში, „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.