შერმადინმა “ტენერიფეს” “ობრადორიოსთან” ულიდერა და MVP-ის ტიტული დაიმსახურა

შერმადინმა “ტენერიფეს” “ობრადორიოსთან” ულიდერა და MVP-ის ტიტული დაიმსახურა

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა გიორგი შერმადინმა პირველი მატჩი გამართა და მოგებასთან ერთად საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. ქართველი ცენტრის ტენერიფული კლუბი “იბეროსტარი” წარმატებით აგრძელებს ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობას და მორიგ მატჩში სეზონის მე-11 გამარჯვება მოიპოვა. 

ტენერიფელებმა “მონბუს ობრადორიოს” უმასპინძლეს და 45 ქულის სხვაობით – 107:62 გაანადგურეს. შერმადინს მოედანზე მხოლოდ 17:18 წუთის გატარება მოუხდა და ეს დრო საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 6 ორქულიანი, ხოლო 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და თავი 18 ქულას, 6 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. შერმადინმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 ჯარიმა მიიღო და მეტოქეები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

მთლიან ჯამში შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გამოდგა და ქართველი ცენტრი მატჩის MVP გახდა. შერადინის კვალზე 14 ქულითა და 9 პასით თავი მარსლინიო ჰუერტასმა გამოიჩინა, ფინელმა საშუ სალინმა კი 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

11 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე” მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერი 12-ივე გამარჯვებით “რეალ მადრიდია”. შემდეგ ტურში, 12 დეკემბერს, შერმადინის გუნდი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრის, თად მაკფადენის “სან პაბლო ბურგოსს” უმასპინძლებს.