ლენოვო ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში მარტის MVP გახდა, რითაც ამ ტიტულის თავისივე რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გასულ თვეში ლიგა ენდესას ეგიდით 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისმა გუნდმა ოთხი მოიგო, ხოლო მისი ეფექტიანობის საშუალო კოეფიციენტი 22.4 გამოვიდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და თვის MVP-ც გახდა.
შერმადინი საშუალოდ თამაშში 13.8 ქულას, 5.4 მოხსნას, 1.2 პასს და 2 დაფარებას აგროვებდა. მარტში გიორგიმ ორქულიანები 77.4%-ის (24/31), ხოლო საჯარიმოები 91.3%-ის სიზუსტით (21/23) ისროლა.
გიორგი შერმადინი უკვე მე-13-ედ გახდა ლიგა ენდესაში თვის საუკეთესო კალათბურთელი, რითაც დიდი ხანია რეკორდსმენია. ქართველი ცენტრის შემდეგ მოდიან ტანოკა ბერდი (10), ლუ რო (9) და არვიდას საბონისი (7).
შეგახსენებთ, რომ შერმადინი ესპანური ლიგის რეკორდსმენია ასევე ტურის MVP-ის ტიტულების რაოდენობით (21).