ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში თამაშის გამო „ოლიმპიაკოსს“ შიდაჩემპიონატში თამაშები გადაედო. კარგა ხნის უთამაშებლობის შემდეგ გიორგი შერმადინის გუნდმა ორშაბათს „პანელეფსინიაკოსის“ წინააღმდეგ ითამაშა და იოლი გამარჯვება მოიპოვა – 85:60.
მიუხედავად იმისა, რომ შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ის პირეოსელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველი ცენტრი მხოლოდ პირველ ტაიმში გამოჩნდა მოედანზე და 4-დან 4 ორქულიანი, ასევე 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაყოლა. მისი მონაგარიც ეს იყო, რადგან მეორე ტაიმში მწვრთნელმა შერმადინი მოედანზე აღარ გაიყვანა.
ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 გახლდათ, რითაც იგი მხოლოდ პრინტეზისს (17 ქულა, 6 მოხსნა), პერპეროღლუს (15 ქულა, 3 პასი) და პაუელს (15 ქულა, 7 მოხსნა) ჩამორჩა, თუმცა, ამ სამეულმა შერმადინზე გაცილებით დიდხანს ითამაშა.
“ოლიმპიაკოსმა” 23 მატჩში 22-ე გამარჯვება იზეიმა და ბერძნულ პირველობას დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას პირეოსელები ევროლიგაში, „ეფესის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ, შემდეგ კი საბერძნეთის პირველობაზე „პანათინაიკოსთან“ ჯახი ელით.