შსს ამერიკელი ტროი კოტონით გაძლიერდა

შსს ამერიკელი ტროი კოტონით გაძლიერდა

შსს ამერიკელით გაძლიერდა. არჩილ
ჟღენტის გუნდმა 188–სანტიმეტრიანი ამერიკელი გამთამაშებელი, ამერიკის სტუდენტური
ლიგის (NCAA) გუნდ
„გრინ ბეის“ ლიდერი, 22 წლის ტროი კოტონი შეიმატა. 

 

„საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს ახალ გუნდს ჩემპიონობაში და
რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაში დავეხმარო – განაცხადა კოტონმა – მე
უკანახაზელი ვარ და შემიძლია როგორც გამთამაშებლად, ისე მსროლელის პოზიციაზე
ვითამაშო. გააჩნია, როგორ დავჭირდები ჩემს მწვრთნელს და შესაბამისად გუნდს.
ამერიკაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, სადაც სეზონის განმავლობაში 40–ამდე
მატჩის გამართვა მიწევდა…

…აქ ძალიან კარგი პირობები და მეგობრული ატმოსფერო დამხვდა. გუნდის
წევრები ერთმანეთთან ისე ვართ, როგორც ოჯახის წევრები, ასეთ ვითარებაში ვარჯიში მე
ძალიან მსიამოვნებს და ახალ გარემოსთან, ქართულ კალათბურთთან შეგუებას მიიოლებს.
კმაყოფილი ვარ შსს–ს გუნდით და მოუთმენლად ველოდები თამაშების დაწყებას, რათა ჩემი
წვლილი შევიტანო საერთო საქმეში“.

ტროი კოტონმა „გრინ ბეიში“ 4 სეზონი გაატარა, სადაც ბოლო ორში გუნდის
სნაიპერი იყო. მან ბოლო ორ სეზონში ყველა შეხვედრა ხუთეულში ითამაშა და მატჩში
საშუალოდ 3 სამქულიანს აგდებდა. მისი საშუალო მონაგარი ბოლო 2 სეზონში 13 ქულა
გახლათ და ასეთი სტაბილურობის გამო კოტონი ამ ზაფხულს ნბა–ს გუნდმა „მილუოკი
ბაქსმა“ საწვრთნელო შეკრებაზე მიიწვია. 3 თვის განმავლობაში იგი ნბა–ს ამ გუნდთან
ვარჯიშობდა, მერე კი შსს–ს ვარიანტი გამოუჩნდა და დღეს იგი საქართველოშია. კოტონი
შეუერთდა შსს–ს ისედაც მძლავრ უკანა ხაზს, რომელშიც ტყუპი – დავით და ირაკლი
ბერიშვილები, ლექსო ლაფანაშვილი, გიორგი ნიკოლაძე და ბესიკ ლეჟავა შედიან.