მესამე
ტური დღეს ბათუმში დაიწყო. მასპინძლები შსს–ს შეხვდნენ და თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ – 79:71.
შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ბათუმელებს არ ჰყავთ ისე ძლიერი გუნდი,
როგორც შსს–ს, თუმცა მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, მათ
მატჩის ბოლომდე იბრძოლეს. პირველი მეოთხედი ბათუმელებმა ქულით მოიგეს (21:20),
ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე თბილისელები დაწინაურდნენ ქულით – 41:40.
შსს–ს კალათბურთელები ძირითადად ფარქვეშიდან ლაშქრავდნენ მასპინძლების
კალათს, ბათუმელები კი თამაშს შორი სროლებით აბალანსებდნენ. მთლიანობაში
ზღვისპირელებმა 11 სამიანი ჩააგდეს, თბილისელებმა კი მხოლოდ 4 – ისიც მთლიანად
ამერიკელი ლეგიონერის, ტროი კოტონის ანგარიშზე მოდის. ბათუმელთაგან კი მარტო ლაშა კეშელავამ 5 სამიანი
ჩააგდო, 17 წლის ლევან ელიაძემ კი – 4, ხოლო 16 წლის ირაკლი მიქელაძემ – 2. ასაკზე
იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ ბათუმელთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან და
სუპერლიგის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდთან მათი ბრძოლისუნარიანობა ორმაგად
დასაფასებელია.
თამაშის ბედი ბოლო მეოთხედში გაირკვა.შსს–ს კალათბურთელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს შეხვედრის დასკვნითი ნაწილი. გამოსარჩევია თბილისელთა გუნდის ბათუმელი წევრის, დავით იმნაძის თამაში, რომელმაც მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა – 17 ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდმა მაინც გატეხა ბათუმელები და მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გამარჯვება
მოიპოვა.
მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=282