ევროკალათბურთში ასეთი წესია: მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდს თამაშის ჩანაწერს აძლევენ. საქართველოც თავისთავად იცავს წესებს და აგვისტოში გამართული ოთხივე მატჩის DVD მეტოქე გუნდის ხელმძღვანელებს გავატანეთ. გუშინ, მატჩის შემდეგ, ძალიან დაღონებულმა შვედებმა მყისიერად დატოვეს სპორტის სასახლე და მათთვის დისკის მიტანა სასტუმროში მოგვიხდა. მივედი სასტუმრო „GTM-kapan”-ში და შვედები ვახშმობდნენ – მოთამაშეები რამდენიმე მაგიდაზე გადანაწილებულიყვნენ, ხოლო გუნდის უფროსობა და მწვრთნელები ცალკე მაგიდას შემოსხდომოდნენ და ქართველებთან წაგებით მოგვრილ კაეშანს წითელი ღვინით იქარვებდნენ.
სასტუმროს მეპატრონემ მითხრა, ისეთი დაღვრემილები იყვნენ, ლამის ტიროდნენო და გადავწყვიტე ჩემი მარნის ღვინით გავმასპინძლებოდიო. ისე, თავიდან მეც გამიკვირდა, ღვინის ბოთლები არსად ჩანდა და შვედები ის ხალხი არ არიან, ჩამოსასხმელი ღვინო ეყიდათ და სასტუმროში სმა დაეწყოთ. შვედეთინ ნაკრების მენეჯერმა დისკი გამომართვა, ხოლო იქვე მყოფმა სასტუმროს მეპატრონემ ჭიქა მომაწოდა, შენც გაამხნევე წაგებულებიო. ავწიე ჭიქა და შვედებს შევახსენე, რომ წაგება და მოგება ძმები არიან. ქართველებთან გამოჩენილი მებრძოლი სული შევუქე და მომავალ მატჩებში წარმატება ვუსურვე.
რომ დავემშვიდობე და გამოვედი, შვედების ბერძენი მწვრთნელი კოსტას ფლევარაკისი გამომყვა და დამიძახა, ირაკლის, სათქმელი მაქვს, მოიცაო. მანამდეც, წინა დღეს ინტერვიუ რომ ჩამოვართვი და ბოტანიკურ ბაღში გიდობა გავუწიე, ირაკლისს მეძახდა, ბერძნული სახელი გქვია და ჩვენებური ფესვები ხომ არ გაქვსო. ავუხსენი, რომ საქართველოში ძალიან ბევრს ჰქვია ირაკლი, გიორგი და სხვადასვა ბერძნული სახელები.
ფლავერაკისი მეუბნება: „მინდა, გითხრა, რომ ძალიან მაგარი გუნდი გყავთ. თქვენ დღეს შესაძლებლობების მხოლოდ 20 პროცენტი გამოავლინეთ და მაინც იმარჯვეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უდიდესი პოტენციალის მოთამაშეები გყავთ. ხომ გახსოვს, გუშინ რომ გითხარი, მონტენეგროს დამარცხება შეგიძლიათ მეთქი? განა ვიხუმრე. სერიოზულად ვამბობ, რომ მონტენეგროს ძლევა შეგიძლიათ. ამისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაც კი არ გჭირდებათ. ტყუილად არ არის თქვენი ნაკრების 90 პროცენტი ლეგიონერი. თანაც ისინი უბრალო საკალათბურთო ქვეყნებში კი არ თამაშობენ, არამედ – ესპანეთში, იტალიაში,
ხორვატიასა და ამერიკაშიც კი“.
შვედების მწვრთნელი ქართულ საფერავს ალბათ ლაპარაკის იშტაზე მოეყვანა და ფლავერაკისმაც განაგრძო: „ახლა ჩვენს ნაკრებს შევხედოთ: არც ერთი ლეგიონერი არ გვყავს. ვინც კარგი იყო, ისიც ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ვთამაშობდით საუკეთესო მომხსნელის, იონას იერებკოსა და საუკეთესო მექულის, იოაკიმ ბლომის გარეშე. შვედეთის დაბალი დონის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებით დღეს ბოლო წაამებამდე შანსს ვინარჩუნებდით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. შვედეთმა ფანტასტიკური კალათბურთი აჩვენა, მაგრამ ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, იმდენად ძლიერია საქართველოს ნაკრები.
ფლევარაკისის მომდევნო სიტყვებს ერთი წანამძღვარი უნდა გავუკეთო. შვედეთის ნაკრებმა ამ ზაფხულს მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში 9 სპარინგ–მატჩი გამართა, რაც ქართველებზე 5–ით მეტია. ქართულ პრესაში დაიწერა, რომ შვედები უფრო კარგად მოემზადნენ საკვალიფიკაციო მატჩებისთვის და მაგალითად სწორე შვედეთის მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრები მოჰყავდათ.
აი, რას ამბობს თავად შვედების მთავარი მწვრთნელი:
„გუნდმა კარგად კი ითამაშა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ისინი მთლად ბოლომდე იყვნენ სათამაშოდ მზად. შვედეთის ჩემპიონატი აპრილში დამთავრდა, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრების წევრთა უმრავლესობა უქმად იყო. მართალია ივლისში შევიკრიბეთ და საკმარისი სპარინგ–მატჩებიც გავმართეთ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამდენ თამაშს და უცხო ქვეყნებში მოგზაურობას შინ ყოფნა და ვარჯიში ჯობდა. თუ დააკვირდით, მოსამზადებელი მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა გასვლაზე ვითამაშეთ, რის გამოც სულ მგზავრობა გვიხდებოდა და ერთი კარგი შეკრება ვეღარ მოვახერხეთ. შვედეთში მხოლოდ 4 დღე მოგვიწია ვარჯიშმა, დანარჩენი დრო უცხო ქვეყნებში სიარულსა და სპარინგ–მატჩებს მოვანდომეთ“.
საუბარი ისევ მონტენეგროს თემით დავასრულეთ, რაკი ბატონ კოსტასს ამ ყოფილი იუგოსლავიის ნასხლეტი ქვეყნის ნაკრებთან საფლეიოფო დაპირისპირებაში წარმატება ვუსურვე:
„მონეტენეგროსთან კი ვითამაშებთ თავგამოდებით, მაგრამ გამოგვივა რო რამე? არ ვიცი, არ ვიცი, ეს გუნდი ძალიან ძლიერია და კარგი იქნებოდა, საქართველო შეხვედროდა მას, მაგრამ თქვენ ასე არ ისურვეთ. წარმატებას გისურვებთ პლეი ოფში“.
კოსტას ფლევარაკისმა ხელი ჩამომართვა, თვალებში ჩამხედა და დამემშვიდობა. სახეზე დიდი სევდა კი ეტყობოდა, მაგრამ თვალებში ბრძოლის ჟინი უღვივოდა. მისი მონტენეგროზე ფიქრები გუშინ თბილისში დაიწყო.