საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 24 აგვისტოს, პოლონეთის ქალაქ ვლოცლავეკში შვედეთს დაუპირისპირდება და მატჩის ტრანსლაციის ყურება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
სამწუხაროდ, შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებს და გართულების თავიდან ასარიდებლად მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს. დღევანდელი ვარჯიში 17:00 საათზე დაიწყო და 1 საათს გასტანა. ილიას ზუროსმა გუნდი კომპლექსურად ავარჯიშა, უმეტესი დრო კი კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. კალათბურთელებმა კომბინაციები როგორც ცალ ფარში, ისე ორმხრივი თამაშისას დაამუშავეს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ქალაქი ვლოცლავეკი საერთაშორისო მინი-ტურნირს მასპინძლობს, სადაც 4 გუნდი ნახევარფინალშია დაწყვილებული. შვედეთი – საქართველოს შემდეგ ვლოცლავეკის „ანვილ-არენაზე“ პოლონეთისა და ბელგიის დაპირისპირება გაიმართება. 25 აგვისტოს მოგებულები ტურნირის მოსაგებად შეხვდებიან, ხოლო წაგებულები, მესამე ადგილს გაითამაშებენ.