სლოვაკეთი 80:72 საქართველო. დავით უსტიაშვილის კომენტარები

სლოვაკეთი 80:72 საქართველო. დავით უსტიაშვილის კომენტარები

ამხანაგური მატჩი. პეზინოკი. სლოვაკეთი. 19 ივლისი
სლოვაკეთი 80:72 საქართველო
10:15 32:24 22;18 16:15
 
სლოვაკეთი: მარკო (16), ნოვაკი (16), ჰაველი (10), სჟალაი (6)
საქართველო: ფაჩულია (10), გრინი (10), ცქიტიშვილი (10)
 
საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთს შეხვდა და 72:80 დამარცხდა. ეს გახლდათ იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდის მეორე მარცხი მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე – 2 დღის წინ ჩვენებმა უნგრეთში 82:90 წააგეს, დღეს კი სლოვაკეთის ქალაქ პეზინოკში მასპინძლებთან ასევე 8 ქულა დათმეს – 72:80.
მატჩის შემდეგ დავუკავშირდით ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, იგორ კოკოშკოვის თანაშემწე დავით უსტიაშვილს:
 
– შეხვედრა მოსამზადებელი იყო და ჩვენს გადავწყვიტეთ, ყველა მოთამაშე გამოგვეცადა. ითამაშა ყველამ, ვინც მზად იყო მოედანზე გასასვლელად. უნგრეთთან განაცხადში მყოფნი, მაგრამ მოედანზე არგასული კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, კოკა ტომარაძე, ნოდარ შენგელია და მიხეილ ბერიშვილი სლოვაკეთთან საკმაო დროით დავტვირთეთ. მთლიანობაში ითამაშა 14–მა მოთამაშემ – მოედანზე მხოლოდ გიორგი ცინცაძე და თორნიკე შენგელია არ გავიდნენ. პირველს მცირე ტრავმა აწუხებს: ცინცაძემ უნგრეთთან ფეხი იტკინა, გუშინ არ უვარჯიშია და დღესაც მოვერიდეთ მის დატვირთვას, ხოლო თორნიკე შენგელია ნაკრებს დღეს შეუერთდა, მას ოდნავ ხელი სტკიოდა და არც მისი დატვირთვა გვინდოდა.
– ანუ გამოდის, რომ სლოვაკეთთან თამაშს მხოლოდ გამოსაცდელი ხასიათი ჰქონდა…
– პირველ რიგში, გამოსაცდელი ხასიათი ჰქონდა. ბიჭებს რომ კარგად ეთამაშათ, მოვიგებდით კიდეც, მაგრამ მთლიანობაში ვერ ვიტყვით, რომ ყველამ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, მოვერიდეთ ლიდერების დატვირთვას. ეს იმიტომ, რომ წინ გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩები გველის. ნაკლებად დავტვირთეთ მარკოიშვილი, სანიკიძე, ფაჩულია და გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეები.
– რას იტყვით ამერიკელებზე?
– ქუინტონ ჰოსლი მსუბუქი ფორვარდია, თუმცა სამწამიანში თამაშიც შეუძლია. ის საკმაოდ გონიერი და გამოცდილი მოთამაშეა. გრინი გამთამაშებელია და თავის მოვალეობას საკმაოდ კარგად ართმევს თავს. სროლა კარგი აქვს, ბურთის მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადატანაც შეუძლია, პასების ალღო აქვს. ანუ მისგან ბევრს ველით. თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ამერიკელები უფრო კარგად შეეჩვევიან ჩვენს ნაკრებს.
– დღევანდელ მატჩში ვის გამოარჩევთ?
– ვერავის. გამორჩეულად ბევრი და გამორჩეულად კარგად არავის უთამაშია. ცოტა გადაღლილებიც იყვნენ ბიჭები და ამანაც იმოქმედა გარკვეულწილად. თბილისში ამაღამ ჩამოვალთ და ვარჯიშებს სპორტის სასახლის დარბაზში გავაგრძელებთ. თბილისური ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
 

 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამაღამ, გამთენიისას, ღამის 4 საათზე ვენის რეისს ჩამოყვება და ხვალიდან სპორტის სასახლეში გააგრძელებს ვარჯიშებს.