სუპერლიგას კიდევ ერთი, რიგით მე–8 ლეგიონერი ემატება. 3 ამერიკელის მფლობელმა „სოხუმმა“ ერთი უცხოელიც ჩამოიყვანა. 23 წლის ლიტველი პეტრას
ბალოჩკა თბილისშია და თავისი ყოფილი გუნდიდან გათავისუფლების ფურცელს ელოდება.
ბალოჩკა 204 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრია და ბოლო სამი სეზონი ამერიკაში,
სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა. გასულ ზაფხულს, ივლისში, პეტრას ბალოჩკას ლიტვურმა გრანდმა
„ლიეტუვოს რიტასმა“ 2–წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ გუნდმა
რამდენიმე ამერიკელიც შეიმატა, ბალოჩკასთვის „რიტასში“ ადგილი აღარ აღმოჩნდა და ის
შედარებით სუსტ „პერლასში“ გაანათხოვრეს. პეტრას ბალოჩკამ მიმდინარე სეზონში „პერლასში“
8 მატჩი ითამაშა: 4 ლიტვის ჩემპიონატში, ოთხიც – ბალტიის ლიგაში, თუმცა არც ერთ
შეხვედრაში ის 11 წუთზე მეტ ხანს არ გასულა მოედანზე. ამ 8 შეხვედრიდან ბალოჩკამ
ყველაზე შედეგიანად ბალტიის ლიგის მატჩში, ტალინის „კალევ–კრამოს“ წინააღმდეგ ითამაშა:
11 წუთში 5 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრა პეტრასმა
23 ოქტომბერს, ლიტვის ჩემპიონატში, „რუდუპისის“ წინააღმდეგ ითამაშა. ის მოედანზე
მხოლოდ 1 წუთით გაიყვანა მწვრთნელმა, რის შემდეგაც ბალოჩკამ გუნდის გამოცვლა და
საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
პერტას ბალოჩკა (#1) „ჰავაიში“ თამაშისას
რაც შეეხება პეტრას ბალოჩკას ამერიკულ კარიერას, მისთვის საუკეთესო
2009–10 წლების სეზონი გამოდგა. ჰავაის უნივერსიტეტის გუნდში, სადაც მასთან ერთად „სოხუმის“
ამჟამინდელი კალათბურთელები – ლაშა ფარღალავა, მაიკ მაქქერი და ძმები დამუსები
თამაშობდნენ, ბალოჩკამ 28 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ მატჩში 8 ქულას, 8 მოხსნას
და 1,8 პასს აგროვებდა. 2008–09 წლების სეზონში ბალოჩკა ჰავაის უნივერსიტეტში
მატჩში საშუალოდ 8,7 ქულა, 5,5 მოხსნას და 1,5 პასს აკეთებდა.
პეტრას ბალოჩკას „სოხუმში“ თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. როცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მისი გათავისუფლების ფურცელი მოვა, მას თავის ახალ ქართულ გუნდში თამაშის საშუალება მიეცემა.