სპორტის სასახლემ მდივნების სემინარს უმასპინძლა

გუშინ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის დაწყებამდე, სპორტის სასახლეში სუპერლიგის ხელმძღვანელთა ინიციატივით მატჩების მომსახურე მდივნების სემინარი ჩატარდა. ეს მდივნები არიან, კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებს რომ ემსახურებიან როგორც სუპერლიგაში, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატებში.
სემინარი, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად ჩატარდა. თავდაპირველად იმ თემებზე იყო საუბარი და მსჯელობა, რომლებიც მატჩის სტატისტიკის დამთვლელმა მდივნებმა უნდა იცოდნენ. თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თითოეულმა მდივანმა უნდა იცოდეს როგორც სტატისტიკის კომპიუტერზე დათვლა, ასევე შუქფარის, 24–წამიანი პულტის და სხვა სამდივნო საქმეების კონტროლირება. ამიტომაც, სემინარის დამსწრე ყველა მდივანი გულდასმით უსმენდა როგორც სტატისტიკის, ასევე სამდივნო საქმიანობის დეტალებს.
სტატისტიკის სემინარს გამოცდილი მდივან–ოპერატორი ქეთი ქიქოძე გაუძღვა და კოლეგებს ის სიახლეები აუხსნა, რომლებიც კალათბურთის განახლებულ წესებში წერია და რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მატჩების მომსახურე სტატისიკოსმა.
მორიგი სემინარი, რომელიც სამდივნოს საქმეებს ეხებოდა, დამსახურებულმა საკალათბურთო მსაჯმა და მდივანმა, მანანა მოსულიშვილმა ჩაატარა. ქალბატონმა მანანამ დაწყვრილებით აუხსნა კოლეგებს მატჩის ის აუცილებელი საკითხები, რომლებიც მატჩის მომსახურე სამდივნოს წევრებმა უნდა იცოდნენ. მოსულიშვილმა ყველას თვალნათლივ ანახა, თუ როგორ უნდა ოქმის სრულყოფილად შევსება, შეახსენა ის თითოეული წესი, რომელიც სამდივნოს მუშაობას არეგულირებს.
სემინარს 17 მდივანი ესწრებოდა. შეკრებაზე იყვნენ ასევე სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე და ფედერაციის პრეს–ატაშე ირაკლი პერტაია.
უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე სემინარი ჩატარდება, რაც 15 მარტს საერთო ტესტირებით დაგვირგვინდება.