სტეფანია–ტერნერის კემპი თბილისში დღეს დასრულდა

ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაცის მიერ ორგანიზებული კემპი, რომელიც გასულ ორშაბათს თბილისში დაიწყო, დღეს თბილისშივე დასრულდა. ოღონდაც კემპმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქები მოიარა – გორი, ბათუმი, ქუთაისი – და დღეს “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ვლადიმერ სტეფანიამ და ბარბარა ტერნერმა ბოლო ვარჯიში გამართეს. დარბაზში უამრავი ბავშვი შეიკრიბა, რომლებიც სამ გუნდად (ასაკის მიხედვით) დაიყო. ერთს ვლადიმერ სტეფანია და მისი მოწვევით მოსული ლევან მიქაბერიძე ავარჯიშებდა, მეორეს – ბარბარა ტერნერი, ხოლო მესამეს – ლიკა ქაჯაია. წვრთნის ბოლოს კალათბურთელებს სერთიფიკატები და მაისურები დაურიგდათ, ხოლო ბურთები ორიდან ერთ ბავშვს შეხვდა. საჩუქრები ჭაბუკებს ამერიკის ელჩმა ჯონ ტეფტმა გადასცა, რომელიც “დინამოს” ბაზაზე მოწყობილ ტრიბუნაზე სიტყვითაც გამოვიდა:- NBA-სთან, ბარბარასთან, ვლადთან და კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მოხარული ვარ, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ. NBA-სა და WNBA-ში მოხვედრა იოლი საქმე არ არის, სტეფანიამ და ტერნერმა ამას დიდი შრომის ფასად მიაღწიეს და მოგვცეს მაგალითი, როგორ შეიძლება უმაღლესი მწვერვალებისკენ სვლა. კემპისა და ზოგადად ქართული კალათბურთის შესახებ ისაუბრა საქართველოს სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ:- კემპების სხვადასხვა რაიონებში გამართვა რეგიონებში კალათბურთის განვითარებისთვის სერიოზული ბიძგი იქნება. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ლიდერები ქართველები გახლდნენ. ეს შემთხვევით არ იყო… გვაქვს მყარი საკალათბურთო ტრადიციები. ბავშვებმა უნდა დაინახონ, რომ მაღალი მიზნების მიღწევა, რეალურია. ამის მაგალითი NBA-ში მოთამაშე ქართველები არიან…კემპის ერთ-ერთმა წამყვანმა, ბარბარა ტერნერმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: საქართველოში სტუმრობა არასოდეს დამავიწყდება, სხვადასხვა ქალაქში კემპების ჩატარება ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო იყოო.ბოლოს საკუთარი აზრი ვლადიმერ სტეფანია დააფიქსირა:- პირველ რიგში მადლობას გადავუხდი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურის ბიუროს, ამერიკის საელჩოს, კალათბურთის ფედერაციასა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ასევე მადლობა ზაზა ფაჩულიას, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში კემპების ორგანიზებას საფუძველი რამდენიმე წლის წინათ ჩაუყარა. – კმაყოფილი ხარ?- ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ღონისძიებამ ქართული კალათბურთს ერთგვარ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. დავინახე ბავშვების ენთუზიაზმი. Aმერიკის ელჩმაც აღნიშნა: კარგი იქნებოდა საზაფხულო ბანაკებს ყოველწლიური სახე თუ მიეცემაო. ეს ჩვენი კალათბურთისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. – კალათბურთის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს ნაკრებზე…- საკმაოდ კარგი ნაკრები გვყავს. ძლიერი შემადგენლობაა და ვიმედოვნებ, რომ A დივიზიონის საგზურს წლეულს მოვიპოვებთ. ელიტაში თამაშს ნამდვილად ვიმსახურებთ.