სულიკო თორთლაძის 100 წლის იუბილე (ვიდეო)

სულიკო თორთლაძის 100 წლის იუბილე (ვიდეო)

20 ნოემბერს ლეგენდარული ქართველი მწრთნელის, სულიკო თორთლაძის 100 წლისთავია. ამ თარიღთან დაკავშირებით, შაბათს ქუთაისში საინტერესო ღონისძიებები მოეწყო.

ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა მატჩი 2006 და 2007 წელს დაბადებულთა შორის. ერთმანეთს ამ ასაკის ქუთაისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება უფროსებს დარჩათ.

როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის მოთამაშეები კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვეტერანმა კალათბურთელებმა სამახსოვრო მაისურებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. მაისურს ევრობასკეტის ლოგო და წარწერა ამშვენებდა – „სულიკო თორთლაძე 100“.

ქუთაისშივე, სახლში, სადაც სულიკო თორთლაძე ცხოვრობდა, გაიხსნა მემორიალური დაფა ბარელიეფით. 

სიტყვით გამოვიდნენ კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სულიკო თორთლაძის ქალიშვილი ანა თორთლაძე და იმერეთის გუბერნატორი.

საკალათბურთო საზოგადოებამ სულიკო თორთლაძის ხსოვნას პატივი მიაგო ქუთაისის პანთეონში, სადაც ლეგენდარულ მწვრთნელს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა სასტუმრო „ბაგრატში“, სადაც მოეწყო სულიკო თორთლაძის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია და ყველა მსურველმა მისი ავტორის, ზურაბ ჯავახაძის პერსონალური ხელმოწერით აღნიშნული წიგნი საჩუქრად მიიღო.

წიგნის პრეზენტაციიდან საკალათბურთო საზოგადოებამ სასტუმრო „ბაგრატის“ სააქტო დარბაზში გადაინაცვლა და სანამ სულიკო თორთლაძის შესახებ ისტორიული, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართებოდა, ვეტერანმა კალათბურთელებმა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო და სახალისო ეპიზოდი გაიხსენეს წარსულიდან, რომელიც ლეგენდარულ ქუთაისელ მწვრთნელს უკავშირდებოდა. საღამოს ჯამლეტ ხუხაშვილი გაუძღვა, რომელმაც ფაქტის უნიკალურობას გაუსვა ხაზი – “გეგულებათ სადმე მწვრთნელი, რომელსაც მსოფლიოსა და ოლიმპიადის ორ-ორი ჩემპიონი გაეზარდოს”?!

სულიკო თორთლაძის შესახებ და მის იუბილესთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვეტერანი კალათბურთელები – ნიკოლოზ დერიუგინი, ნოდარ ქორქია, დავით მაღალდაძე, ზურაბ გრძელიძე და ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელის, გელა დარსაძის მეუღლე ნინო ადამია.

ძალიან ლამაზი დღე იყო, ბედნიერი ვარ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მამაჩემის ასეთი დაფასებისთვის – განაცხადა სულიკო თორთლაძის შვილმა, ანა თორთლაძემ.

ფოტოგალერეა სრულად ➡ facebook.com/pg/GeoBasketball