სუპერლიგის ახალი სეზონი საინტერესოდ დაიწყო. პირველი ტურის სამ მატჩს
დღეს სპორტის სასახლემ უმასპინძლა, ხოლო ტურის დასკვნით შეხვედრას ხვალ ქუთაისი
უმასპინძლებს.
ჩემპიონატის გასნითი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. „დინამოსა“ და „ბათუმის“
მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმც ბოლო წუთებზე ანგარიში გათანაბრდა
და საბოლოოდ ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. დინამოელებმა საწყისი
მეოთხედი 20:17 მოიგეს, რაც ძირითადად ლაშა ეძგვერაძისა და ირაკლი ალხანაიძის
დამსახურება გახლდათ.
მეორე მეოთხედში დინამოელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა და დიდ
შესვენებაზე 12–ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ბათუმელებს შემადგენლობაში 17–18 წლის
ბიჭები ჰყავდათ, გამოცდილი მოთამაშეებმა გუნდი გასულ ზაფხულს დატოვეს. მესამე
მეოთხედში სწორედ ახალგაზრდა ნოდარ თენიიეშვილის წინამძღოლობით მოახერხეს
ბათუმელებმა სიტუაციის გამოსწორება და ანგარიშში ჩამორჩენა ჯერ შეამცირეს, ხოლო
ბოლო მეოთხედის შუაში დინამოელებს გაუთანაბრდნენ კიდეც.
ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. დინამოელებმა 3 ქულით წინ გასვლა მოახერხეს,
თუმცა 16–წლამდელთა ნაკრების წევრმა ირაკლი მიქელაძემ თამაშის დასრულებამდე 15
წამით ადრე ანგარიში შორი სროლით გაათანაბრა. თითქოს შეხვედრა ოვერტაიმში უნდა
გადასულიყო, მაგრამ დინამოელებმა კარგი კომბინაცია გაათამაშეს, თეიმურაზ
თავამაიშვილი ფართან მარტო დატოვეს და ბათუმელებსაც მასზე დაჯარიმების მეტი
აღარაფერი დარჩენოდათ. თავამაიშვილმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და „დინამომაც“
პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მომდევნო შეხვედრა ცენტრალური გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები ხვდებოდნენ.
ორივე გუნდი სეზონთშორის პერიოდში ძალიან გაძლიერდა, ამბიციები შეემატა და ეს
მატჩიც ცენტრალურად ამიტომ მოინათლა.
შსს–მ თავიდანვე მძლავრად დაიწყო და პირველი მეოთხედი 26:11 მოიგო. ზუსტად
ისროდა გიორგი მარკოიშვილი, ხოლო დავით იმნაძე ფარქვეშ გაბატონებულიყო და შსს–საც
არ უჭირდა. მეორე მეოთხედში მიხეილ ჭოჭუას წინამძღოლობით მედიკოსები გააქტიურდნენ
და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს.
მესამე ათწუთეულში წყველაფერი გადაწყდა. შსს–ს კალათბურთელები ისე
გონივრულად ათამაშდნენ, რომ „სამედიცინოს“ გასაქანი არ მისცეს. აღნიშნული მეოთხედი
„ძალოვანებმა“ 27:14 მოიგეს, ბოლო მეოთხედის წინ 23 ქულით დაწინაურდნენ და თამაშიც
ზედმეტი გართულებების გარეშე მიიყვანეს გამარჯვებამდე.
მესამე მატჩში სტუდენტური დერბი შედგა. სახელმწიფო და ტექნიკური
უნივერსიტეტების მატჩში თსუ–მ 23 ქულით იმარჯვა. საინტერესო სტატისტიკა ჰქონდა
გამარჯვებული გუნდის გამთამაშებელ გიორგი გაფრინდაშვილს, რომელმაც 35 წუთში 13
პასი, 7 ჩაჭრა და 8 მოხსნა მიითვალა, ათქულიანი ზღვარი კი ვერ დასძლია და მოედანი
4 ქულით დატოვა. ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა რიჩარდ მათიაშვილმა – 19 ქულა,
13 მოხსნა.
დღის ბოლო მატჩში „სოხუმმა“ აგრარული უნივერსიტეტის გუნდი 85:75
დაამარცხა. შესანიშნავად ითამაშეს სოხუმელთა შემადგენლობაში შავკანიანმა
ამერიკელმა ძმებმა რიჩარდ და კარლ დამუსებმა, რომლებმაც ჯამში 31 მოხსნა მიითვალეს
– ანუ იმაზე მეტი, რამდენიც სსაუ–მ მთლიანობაში (30). სოხუმელებმა კი ჯამში 66
მოხსნა მოაგროვეს.
შავკანიან მოთამაშეთა მხარდამხარ კარგად იტამაშა ლაშა ფარღალავამაც,
რომელმაც, მართალია, ბურთი 8–ჯერ დაკარგა, თუმცა 7 პასი, 6 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 23
ქულა მოაგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა.
პირველი ტური ხვალ ქუთაისში დასრულდება, სადაც სათამაშოდ მოქმედი
ჩემპიონი „ენერჯი–ინვესტი“ მიემგზავრება.