საქართველოს მე–18 ეროვნული ჩემპიონატი. მეშვიდე ტური. 28 ნოემბერი. რუსთავი
ენერჯი–ინვესტი 101:95 ავიამშენი
ძირითადი დრო: 82:82
23:29 20:10 19:16 20:27 19:13
ენერჯი: გამყრელიძე (20 ქულა, 8 პასი), ტუღუში (19), ლეჟავა (27), ბაბიაშვილი (3), უგრეხელიძე (9); დიდია (13 ქულა, 5 ჩაჭრა), არწივიძე, ტუჯანი (3), ჭოჭუა (7)
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (23 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა), ბოისა (24), ნიკოლაძე (7 ქულა, 10 მოხსნა), მინაშვილი, მათიაშვილი (17); კვიმსაძე, ნინიაშვილი (2), ნაცვლიშვილი (18 ქულა, 9 მოხსნა), პირველაშვილი (4), შერმადინი
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: მურმან ქურიძე
ვახტანგ ნაცვლიშვილი(#13) ლაშა გამყრელიძეს ბურთს ეცილება
“ავიამშენს” შანსი ჰქონდა, რომ სუპერლიგის ლიდერს ცხრილში დაწეოდა, მაგრამ დღეს რუსთავში “ენერჯი–ინვესტის” დასამარცხებლად ძალა აღარ ეყო, თუმც დიდი და ოვერტაიმიანი ბრძოლა კი გაუმართა.
მასპინძლებს ეს თამაში ძირითად დროში ფაქტობრივად მოგებული ჰქონდათ, თუმცა მოხდა დიდი მოულოდნელობა, რის გამოც ეს მატჩი შეიძლება მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩად ჩავთვალოთ. ძირითადი 40 წუთის ამოწურვას 13 წამი აკლდა – “ენერჯი–ინვესტი” 3 ქულას იგებდა და რუსთაველთა გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე საჯარიმოს ხაზზე იდგა. ერთიც რომ ჩაეგდო, ავიატორები განწირულნი იყვნენ, თუმც გამყრელიძემ ორივე სროლა ააცილა და ლევან მოსეშვილის გუნდს უკანასკნელი შეტევის უფლება ებოძა.
ირაკლი ბერიშვილმა თბილისელთა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო და სამქულიანი ესროლა, თუმც ააცილა და რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ ბურთი მოულოდნელად ისევ მას მიუვიდა. დრო იწურებოდა, ირაკლი კი განმეორებით სროლას ვერ ახერხებდა. ბერიშვილმა ბურთი გვერდში მდგარ რიჩარდ მათიაშვილს გადააწოდა და ამ 207–სანტიმეტრიანმა ცენტრმა სირენის თანხლებით გამთანაბრებელი სამქულიანი ჩაუკალათა რუსთაველებს. ეს იყო მომენტი, რომლის დარიც ჩვენს ჩემპიონატში (და ზოგადად კალათბურთში) იშვიათად ხდება. ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანი ბევრი გვინახავს, თუმცა ცენტრი რომ ასრულებდეს გადამწყვეტ სროლას და ისიც ზუსტად, კალათბურთის სტაჟიან გულშემატკივარს თუ ემახსოვრება.
ასე იყო თუ ისე, მათიაშვილმა ოქროს სამქულიანი მიითვალა და თამაშიც დამატებით დროში გადავიდა. იქაც თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა თბილისელებს გავარდნოდათ ანატოლი ბოისა, მათი ლიდერი და ბომბარდირი გუშინდელი მატჩისა, და საბოლოოდ ვეღარ იმარჯვეს. კონკრეტულად კი “ენერჯი–ინვესტს” რევაზ დიდიას დაცვაში ზუსტმა თამაშმა მოაგენინა. დიდიამ დამატებიტ დროში სამჯერ ჩაუჭრა ბურთი ავიატორებს, რაც რუსთაველებმა ზუსტი კონტრშეტევით დააგვირგვინეს და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.
კოტე ტუღუშს ბუბა კვიმსაძე გადაეღობა
ირაკლი ბერიშვილი ჟოლივეტ ტუჯანს ბურთის წასართმევად ეპარება