თსუ 72:59 სსაუ
შსს 75:93 ენერჯი
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილნი არიან. „ენერჯი–ინვესტმა“ და თსუ–მ მშრალი ანგარიშით – 3:0 მოიგეს ნახევარფინალური სერიები და 9 მაისიდან ერთმანეთს ჩემპიონობისთვის შეერკინებიან.
თუკი რუსთაველები ბოლო სამი სეზონი ჩემპიონობას არავის ანებებენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი პირველად გავიდა ფინალში. თსუ–სთვის ეს დიდი წარმატებაა და ისინი ჩემპიონობის მოსაგებად საკმარისად მოტივირებულები არიან, რუსთაველები კი სამი წლის მანძილზე განმტკიცებული ჩემპიონობის დაცვას შეეცდებიან – ფინალური სერია, როგორც ნახევარფინალებმა გამოაჩინა, საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.
რა გამოაჩინა ნახევარფინალურმა სერიებმა? ორივე ფინალში გასული გუნდის სიძლიერე და კარგ ფორმაში ყოფნა. თსუ–მ აგრარული უნივერსიტეტის გუნდს არ დაუტოვა შანსი, სამივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ასევე იყო რუსთავული გუნდიც. „ენერჯი–ინვესტს“ მხოლოდ პირველ მატჩში გაუჭირდა შსს–სთან (82:76), თუმც მომდევნო შეხვედრებში დამაჯერებლად იმარჯვა და ზედიზედ მეხუთედ გავიდა ფინალში.
თსუ არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ფინალში
დღევანდელ მატჩში თსუ–მ თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა, თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. წინა მატჩების მსგავსად დიდი სხვაობით კი არ გაიჭრნენ წინ, 8–10 ქულით იგებდნენ, თუმცა ამ უპირატესობას სტაბილიური ხასიათი ჰქონდა. ისევ გამოირჩეოდა ირაკლი კეიდია, რომელმაც ამჯერადაც გამოიჩინა ბომბარდირული თვისებები და 24 ქულა მიითვალა. აგრარელთაგან კი ბექა წივწივაძე გამოირჩეოდა, მაგრამ მთლიანობაში მისი გარჯა ვერ დაფასდა, უფრო მობილურად და გუნდურად მოთამაშე თსუ ისე მივიდა თამაშის ბოლომდე, თამაში ფაქტობრივად არ დაძაბულა.
ასევე გუნდური თამაშის წყალობით გაიმარჯვა „ენერჯი–ინვესტმაც“. მოედანზე 11 მოთამაშე გამოვიდა და უქულოდ არც ერთმა დატოვა მოედანი. მიხეილ ბერუაშვილმა კარგად გამოიყენა სამარქაფო მოთამაშეები. კოტე ტუღუშმა პირველივე ტაიმში მე–4 პერსონალური მიიღო და მოედნიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ის მწვრთნელმა მოედანს გაარიდა და შეცვლაზე შემოსულებმაც (ლევან ცეკვავა, გიორგი პირველაშვილი, აკაკი დვალიშვილი, მიხეილ ჭოჭუა) თავი არ შეირცხვინეს.
ჩინებულად ირჯებოდა რუსთაველთა ორივე შავკანიანი მოთამაშე – ჟოლივეტ ტუჯანი და დომონიკ ტილფორდი. პირველი 18 ქულით რუსთაველთა ბომბარდირი გახდა, ხოლო დომონიკმა 13 ქულას მოუყარა თავი.
შსს რუსთაველებს მთელი პირველი ტაიმი უძალიანდებოდა, თუმცა მეორე მეოთხედის ბოლოს ქვემოქართლელებმა იძალეს. „ენერჯიმ“ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო და შემდეგ ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. საბოლოოდ მოქმედმა ჩემპიონმა 18 ქულით მოიგო და ფინალში უკვე გასულ თსუ–ს შეუერთდა.
ფინალური სერია 9 მაისს რუსთავში დაიწყება. რაკი ქვემოქართლელებმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგეს, სერიაში მოედნის უპირატესობა მათ ექნებათ.
სრული ფოტოგალერეა: თსუ – სსაუ, შსს – ენერჯი