საჩენპიონო თასი რუსთავში რჩება. „ენერჯი–ინვესტმა“ ფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო სსაუ–ს, მიჯრით მესამედ გახდა სუპერლიგის გამარჯვებული და საჩემპიონო თასიც, რომელიც აქამდე გარდამავალი იყო, მუდმივად დაიტოვა.
დავით უსტიაშვილის გუნდს საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნება არ გასჭირვებია. ფინალური სერიის სამივე მატჩი დამაჯერებლად მოუგო მიხეილ კობეშავიძის გუნდს და ქვეყნის საუკეთესო გუნდის საპატიო სახელი მინიმუმ 1 წლით გაიხანგრძლივა.სერიის პირველი შეხვედრა „ენერჯი–ინვესტმა“ 45 ქულით მოიგო, მეორეში 24–ით იმარჯვა, აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა კი ისღა მოახერხა, რომ მესამე, თბილისში გამართულ მატჩში სერიაში ყველაზე ნაკლები სხვაობით დამარცხდა. ის კი არა, კობეშავიძის გუნდმა მატჩის პირველ ნახევარში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია რუსთაველებს და დიდი შესვენებისთვის ქულითაც კი იგებდა – 35:34.პირველ ტაიმში საკმაოდ ლამაზი სანახაობა იხილა მაყურებელმა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა – გიორგი ბარბაქაძემ და მიხეილ ბერიშვილმა დროის მოკლე მონაკვეთში სათითაოდ ისე მოხდენილად ჩატენეს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებაში მოიყვანეს. სამწუხაროდ, ეს ეფექტური გდებები ვერ იხილა სპორტის სასახლეში მოგვინებით, მეორე ტაიმში მოსულმა განთქმულმა ამერიკელმა რეპერმა ქულიომ. თბილისში სამღერლად ჩამოსულმა ქულიომ სასახლეს რუსთაველთა საქომაგოდ მოაკითხა და მატჩის ბოლოს ჩემპიონებთან ერთად იზეიმა გამარჯვება და კლუბის წევრებისგან საჩუქრად მედალიც კი მიიღო.პირველი ტაიმი საინტერესო ბრძოლას კი გვპირდებოდა, მაგრამ მესამე მეოთხედში მოქმედმა ჩემპიონებმა ისე კარგად ითამაშეს, რომ თბილისელებს საქმე გადამწყვეტ მეოთხედამდე მოუთავეს. გიორგი გამყრელიძემ და კოტე ტუღუშმა უკანა ხაზიდან შეუტიეს აგრარელებს, ხოლო ფარქვეშ დავით უგრეხელიძე იყო გამაგრებული და რუსთაველთა უპირატესობა წამდაუწუმ იზრდებოდა. მესამე მეოთხედი ქვემოქართლელებმა 30:14 მოიგეს, ბოლო ათწუთეულის წინ 15 ქულით დაწინაურდნენ და ამით „აგრარული უნივერსიტეტი“ წელში გატეხეს.ბოლო მეოთხედში კობეშავიძის გუნდმა ვეღარაფერი ვეღარ დაუპირისპირა მომავალ ჩემპიონებს და თამაში ისე ჩამთავრდა, რომ ინტრიგის ნაპერწკალიც კი არ უნახავს თავიდან დაძაბული თამაშით შეხურებულ მაყურებელს.რუსთაველები 2008–09 წლების სეზონის ჩემპიონები არიან – ბოლო სამი წლია, პირველობას არავის უთმობენ და ის თასიც, რომელიც სამი წელია, მათ ოფისში ინახება, სუპერლიგის წესის თანახმად, ამიერიდან სამუდამოდ იქ დარჩება.