სუპერლიგის მე-3 ტური გორში დაიწყი | ივერიონმა ქუთაისი ბრძოლაში დაამარცხა

სუპერლიგის მე-3 ტური გორში დაიწყი | ივერიონმა ქუთაისი ბრძოლაში დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტური გორში, სპორტის სასახლეში გამართული უაღრესად დაძაბული და დრამატული შეხვედრით დაიწყო, სადაც „ივერიონმა“ „ქუთაისს“ უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 75:74 (სტატისტიკა) დაამარცხა. მატჩი მასპინძელთა აბსოლუტური უპირატესობით დაიწყო, რადგან ლეგიონერების — მაიკა კლარკისა და კრისტიან მურის კარგი თამაშის წყალობით გორელებმა სწრაფად მოიპოვეს ორნიშნა უპირატესობა და პირველი პერიოდი 23:14 მოიგეს. თუმცა, მეორე მეოთხედიდან ქუთაისელებმა აქტიური შტურმი წამოიწყეს და ბაქარ ბერეკაშვილის, ვილი ისიანის, ოთარ ფხაკაძისა და ლუკა ალავიძის შედეგიანი მოქმედებებით ანგარიში მეოთხე წუთზევე გათანაბრდა (25:25). სტუმრებმა ტემპი არ დააგდეს, სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და პერიოდის მიწურულს უკვე 10 ქულით იგებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს მიქაელ უგრეხელიძის ორქულიანებმა სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა — 35:41.
 
მესამე პერიოდში სურათი არ შეცვლილა და ქუთაისელები უპირატესობას ინარჩუნებდნენ, რის გამოც გადამწყვეტი ბრძოლა ბოლო ათწუთეულში გადავიდა. დასკვნით პერიოდში გორელებმა ხასიათი გამოავლინეს და იან კრიშნანის, ვლადიმერ თავაქარაშვილისა და მიხეილ უგრეხელიძის ზუსტი სამქულიანებით თამაშში ინტრიგა დააბრუნეს. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მიხეილ უგრეხელიძე გუნდის მთავარი X ფაქტორი აღმოჩნდა, რომელმაც დაცვაშიც და შეტევაშიც ბრწყინვალედ ითამაშა და სწრაფი ორქულიანით „ივერიონი“ წინ გაიყვანა. მატჩის ბოლო წუთები ნამდვილ ნერვების ომად იქცა, სადაც ტაქტიკური ჯარიმების სერიის შემდეგ ქუთაისელებს ბოლო შეტევის შანსი დარჩა, თუმცა ანტონიო პატერსონის გამარჯვების სამქულიანს მიხეილ უგრეხელიძემ ბრწყინვალედ დაუფარა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. „ივერიონმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება გაიფორმა და მესამე ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
 
მატჩის საუკეთესო მოთამაშეების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გამარჯვებული „ივერიონის“ რიგებში ლიდერებად მიხეილ უგრეხელიძე (14 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა), სოსო გოგნაძე (9 ქულა, 14 მოხსნა) და კრისტიან მური (13 ქულა, 7 პასი) მოევლინენ, ხოლო „ქუთაისის“ შემადგენლობაში თავი ბაქარ ბერეკაშვილმა (15 ქულა), ვილი ისიანმა (10 ქულა, 14 მოხსნა) და ლუკა ალავიძემ (14 ქულა) გამოიჩინეს.
 
სუპერლიგის მესამე ტური 17 ოქტომბერს, „თბილისი არენაზე“ 18:00 საათზე დაგეგმილი მატჩით: თსუ – „ბლექ ფორტრესით“ გაგრძელდება.