სუპერთასი აგრარულმა მოიგო

სუპერთასი აგრარულმა მოიგო

დღეს სეზონი ოფიციალურად დაიხურა. გათამაშდა სუპერთასი, რომელშიც
ერთმანეთს ჩემპიონი „ენერჯი–ინვესტი“ და თასის მფლობელი აგრარული უნივერსიტეტის
გუნდი შეხვდნენ.

„ენერჯი–ინვესტმა“ ერთი კვირის წინ საქართველოს ჩემპიონობა მოიგო და
პირველობის მომტან მატჩში ამ ხუთეულით ითამაშა: კოტე ტუღუში, მიხეილ ჩიტაშვილი,
ანატოლი ბოისა, ჟოლივეტ ტუჯანი და ზვიად ბაბიაშვილი. ხუთივე ეს კალათბურთელი დღეს
სპორტის სასახლეში იყო, ოღონდ ხუთივე ტრავმირებული გახლდათ და შეხვედრაში
მონაწილეობა არ მიუღიათ. პლუს ამას, რუსთაველებს აკლდათ ამერიკელი დომონიკ
ტილფორდი, რომელიც უკვე ამერიკაშია. ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ენერჯიმ“ მეორე
შემადგენლობით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ქვემოქართლურმა გუნდმა ღირსეული
წინააღმდეგობა გაუწია სსაუ–ს და ცოტაც რომ გამართლებოდა, ამ სეზონში მოგებულ დუდუ
დადიანო მემორიალს, ქორქია–საკანდელიძის ხსოვნის ტურნირს და ჩემპიონობას,
სუპერთასსაც შემატებდა, მაგრამ…

სრული ფოტოგალერეა

შეხვედრა ქვემოქართლური გუნდის უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი
ტაიმის მიწურულს აგრარელებმა მციტე ლიდერობა მოიპოვეს. ყველაფერი კი ბოლო
მეოთხედში გადაწყდა, სადაც თავი მთელი მატჩის მანძილზე აქტიურმა ბექა წივწივაძემ
გამოიჩინა და საბოლოოდ სსაუ–მ მცირე უპირატესობით – 83:80 გაიმარჯვა.

კალათბურთის ფედერაციამ სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის
პრიზი დააწესა, რომელიც აგრარელთა კაპიტანმა ბექა წივწივაძემ ირგუნა. მას
სამახსოვრო პრიზი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა
გადასცა. წივწივაძემ ჩაიბარა ლიპარტელიანისგან ასევე სუპერთასი, რომელიც
გარდამავალია და აგრარელებთან მინიმუმ 1 წელს გაატარებს.