გორდონ ჰერბერტის ნაკრებში დაბრუნება საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თუმცა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი სასიხარულო, დამაინტრიგებელი სიახლეა. საქართველოს ნაკრები ღირსებას ძლიერი უკანახაზელი ტაირონ ელისი დაიცავს, რომელიც სულ მალე შესაძლოა “მინესოტა ტიმბერვულვზის” რიგებში ვიხილოთ.ელისი (28 წლის, 194 სმ, 84 კგ) საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად უნდა იქცეს და ისედაც გაუმჯობესებულ და შარშანდელზე მეტად ვარირებად შემადგენლობას მეტი სიღრმე, უნივერსალიზმი შესძინოს.ტაირონი საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას გორდონ ჰერბერტთან ერთად მუშაობის გამოცდილება გააჩნია – 2003/04 წლების სეზონში ჰერბერტისა და ელისის “ოპელ სქაილაინერზი” გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა.ტაირონი, რომლის თქმითაც, იგი ყოველთვის კარგ ფორმაშია და ოპტიმალურ კონდიციებს ინარჩუნებს, მანამდე ესპანურ “ხირონაში” (2002/03), “სქაილაინერზის” მერე კი თურქულ “ბეშიქთაშში” თამაშობდა. თურქული გუნდის შემადგენლობაში იგი შიდა პირველობის 36 შეხვედრაში საშუალოდ 10.9 ქულას აგროვებდა.2004/05 წლების ევროლიგაზე ტაირონ ელისი ერთ მატჩში საშუალოდ 21.5 ქულას, 4.7 მოხსნას, 1.8 შედეგიან გადაცემასა და 1.8 ჩაჭრას უყრიდა თავს. იგი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გახლდათ.