ჭაბუკებმა ევროჩემპიონატის ბოლო მატჩში შოტლანდიაზე შური იძიეს

ევროპის 18–წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 2 აგვისტო
საქართველო 69:59 შოტლანდია
საქართვეოს ჭაბუკთა ნაკრებმა შოტლანდიასთან მატჩით დაიწყო და დაამთავრა ევროპის ჩემპიონატი. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა რევანში აუღო სქოთებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე წაგებისთვის და საინტერესო ისაა, რომ ზუსტად იმდენი ქულით იმარჯვა, რამდენითაც დამარცხდა.
შოტლანდიელებმა 23 ივლისს 71:61 მოგვიგეს, ხოლო სულ რამდენიმე საათის წინ საქართველომ სქოთები 69:59 დაამარცხა. არადა, თამაშის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე ქართველები 18 ქულას იგებდნენ და დარჩენილ დროში ყურადღება მოადუნეს.
ამ მოგებამ საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მე–15 ადგილი მოუტანა. სულ კი სარაევოში 21 გუნდი იყო თავმოყრილი.
შოტლანდიელებთან თავი ბექა ჩიკვილაძემ გამოიჩინა, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. დავით იოსელიანმა 15 ქულას 10 მოხსნაც მიაბა და ჩვენს გუნდში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ტურნირზე ორმაგი დუბლის მითვლა მოახერხა. მთლიანობაში კი ამ საქმეში თავი აკაკი დვალიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ჩემპიონატის მსვლელობისას 4 ორმაგი დუბლი მიითვალა. შოტლანდიასთან დვალიშვილმა 7 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. შედეგად დვალიშვილს 8 მატჩში 81 მოხსნა დაუგროვდა და ის ტურნირის საუკეთესო მეფარეთა სიაში მოხვდა.
მაშ ასე – ჭაბუკთა ნაკრებმა მე–15 ადგილზე დაასრულა ბოსნიური ევრო–ტურნირი და მომავალ წელს კვლავ B  დივიზიონში ითამაშებს. რაც შეეხება ელიტაში აღზევებულებს – A დივიზიონის საგზურები ფინალში გასულმა შვედეთმა და პოლონეთმა მოიპოვეს. სკანდინავიელებმა ნახევარფინალში ინგლისი დაამარცხეს, ხოლო პოლონელებმა ფინალის გზა საქართველოს ჯგუფში პირველზე გასულ ჩერნოგორიას გადაუღობეს.
 

ქართველები ბოსნიიდან მე–15 ადგილით მოდიან