თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტები: დინამო და კაკტუსი

თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტები: დინამო და კაკტუსი

საქართველოს თასის გათამაშება დღეს ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩით დაიწყო. შესაბამისად, 2 ნახევარფინალისტიც გამოვლინდა. თასის ნახევარფინალის საგზურები “დინამო თბილისმა” და “კაკტუსმა” მოიპოვეს.

სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “დინამომ” ტრავმებით დასუსტებულ “ოლიმპს” 83:71 სძლია, თუმცა გამარჯვება იოლად მოიპოვაო, ვერ ვიტყვით. ოლიმპელებმა იბრძოლეს და მართალია, მთელი შეხვედრის მანძილზე მდევრის როლში იყვნენ, მეტოქეს ბევრით არ რჩებოდნენ და შანსს ინარჩუნებდნენ. 

პირველი ნახევრის 16 ქულით წაგების შემდეგ “ოლიმპი” მაინც არ გატყდა და მესამე პერიოდში თამაში გამოასწორა. შედეგად, ათწუთეული 10 ქულით – 20:10 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებოდა. “დინამოს” აკლდა ახალწვეული რეივენ ლი, თუმცა არსებული რესურსითაც შეძლო გამარჯვებამდე მისვლა. დასკვნით წუთებში დინამოელებმა შედეგიანად ითამაშეს და საბოლოოდ ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.

გამარჯვებულებს 18 ქულით კაელ ტურპინმა ულიდერა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ლაველ ბოიდმა,  ხიკი 13-13 ილია ლონდარიძემ და მიხეილ ბერიშვილმა. “ოლიმპში” 25 ქულით საუკეთესო იყო ჰამედ ლი. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა მერაბ ბოქოლიშვილმა.

ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მეორე მატჩში “კაკტუსმა” 93:79 მოუგო “მგზავრებს”. ამ მატჩში შედარებით მეტი დაძაბულობა იყო. “მგზავრებმა” ბოლო პერიოდამდე ებრძოლენ მეტოქეს და წინ არ უშვებნენ, თუმცა დასკვნით ეპიზოდში კაკტუსელებმა იძალეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

კაკტუსელებში 27 ქულით სიჯეი ჯონსონი გამოირჩა. 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა დავით ლომიძეს, ხოლო დეანდრე პარკსმა მატჩი 17 ქულით დაასრულა. “მგზავრებში” 16 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, ხოლო ადრიან ბოუისა და ტეილორ სტეფორდის ანგარიშზე 15-15 ქულა დაგროვდა. 

დღეს თასის გათამაშების მესამე მატჩიც გაიმართება: ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა რუსთავში, სადაც სათამაშოდ “მარნეულია” ჩასული. თვალი მიადევნეთ მატჩის ლაივ-სტატისტიკას:

http://www.fibalivestats.com/u/GEO/831596/