თასის სტუდენტური ფინალი. თსუ–მ რუსთავში “ენერჯი–ინვესტი” დაამარცხა

საქართველოს თასის გათამაშება. ნახევარფინალი
რუსთავი. 22 ნოემბერი
 
სსაუ 88:79 ბათუმი
18:28 25:15 29:22 16:24
სსაუ: წივწივაძე (9ქ, 9პ, 6მ), ცინცაძე (40ქ, 7მ, 4პ, 4ჩ), გულისაბედაშვილი (2), დიდია (12), ათანელიშვილი (17ქ, 8მ); ჩაჩიბაია, ნინიაშვილი (8)
ბათუმი: თავართქილაძე, მაისურაძე (2), ლეჟავა (31), იმნაძე (15ქ, 16მ), როდუმტა (2ქ, 7მ);  ბოლქვაძე (17ქ, 7მ), მიქელაძე, კეშელავა (10), ელიაშვილი (1)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
ენერჯი–ინვესტი 75:84 თსუ
22:25 13:23 23:23 17:13
ენერჯი: ტუღუში (8), არწივიძე, ჭოჭუა (10), ტუჯანი (8ქ, 11მ), ბაბიაშვილი (30); ცეკვავა, დვალიშვილი (5), ბოისა (14)
თსუ: გაფრინდაშვილი (16ქ, 9მ), ხეცურიანი (5), ფანჩულიძე (4), კეიდია (16), დ. ბარბაქაძე (18ქ, 8მ); მინაშვილი (20ქ, 8მ), კოხრეიძე, ლოსაბერიძე, კუჭავა (5)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
საქართველოს ახალი თასის მფლობელი ეყოლება. ამ ტიტულის შარშან მომგებმა რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ დღეს საკუთარ დარბაზში ნახევარფინალური შეხვედრა ნუგზარ ჭეიშვილის დამოძღვრილ თსუ–სთან წააგო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საკმაოდ მაღალი დონის, გამართული კალათბურთი ითამაშა და მიმდინარე სეზონში წაუგებელ რუსთავულ გუნდს ისსე მოუგო, რომ იტყვიან, შანსი არ დაუტოვა.
 
შედარებით თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ თბილისელებმა უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც მეორე მეოთხედში სოლიდური გახადეს. ეს უპირველეს ყოვლისა სტუდენტების მწყობრი დაცვის გამო მოხდა, რასაც სწრაფი შეტევები მოჰყვებოდა. ისიც სათქმელია, რომ რუსთაველები განსაკუთრებულად ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. ფარქვეშიდან ისეთ ბურთებს აცილებდნენ მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები, რომესაც თსუ–ს დარი გამოცდილი გუნდი არ პატიობს და ასეც მოხდა. პირველი ტაიმის შემდეგ თსუ 13 ქულით დაწინაურდა.
ჩინებულად ირჯებოდა ვახტანგ მინაშვილი, რომელიც დაშლილი „ავიამშენიდან“ ახლახან გადავიდა თსუ–ში. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგი ზომაზე მეტჯერ კარგავდა ბურთს, ის უკონკურენციო იყო ფარქვეშ და 20 ქულით საბოლოოდ გახდა კიდეც სტუდენტური გუნდის ბომბარდირი.
 
მეოთხედფინალისა არ იყოს, ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იყო ირაკლი კეიდია, რომელიც 5 პერსონალურის გამო მოედნიდან თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გავარდა. სწორედ აქ დაამტკიცეს თსუ–ელებმა ის, თუ რატომ იმსახურებდნენ გამარჯვებას. რუსთაველებს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცათ, კეიდიას გავარდნის დროს ჩამორჩენა 6 ქულამდე ჩეამცირეს. ამ მომენტში ჭეიშვილის გუნდმა დაცვა გაამაგრა და შეტევაშიც პრაგმატულად ამოქმედდა. გიორგი გაფრინდაშვილმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო დავით ბარბაქაძემ საჭირო ჩაჭრა და 2 ფაქტობრივად მატჩის ბედის გადამწყვეტი შედეგიანი გარღვევა განახორციელა.
რუსთაველთა იმედები მაშინ გაუფერულდა, როცა თსუ–ს ლიდერობამ თამაშის დასრულებამდე კვლავ უწია ორციფრიან რიცხვს – 80:70.
ამრიგად, გამეორდა 2 წლის წინანდელი შემთხვევა, როცა თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში თსუ–მ „ენერჯი–ინვესტს“ ფინალში გზა გადაუღობა.
 
მეორე ფინალისტი აგრარული უნივერსიტეტის (სსაუ) გუნდია. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა ნახევარფინალში „ავიამშენის“ დაშლის გამო ავტომატურად გასულ „ბათუმს“ მოუგო. რა უნდა ითქვას ამ მატჩზე, როცა ოქმი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. სამშობლოში დროებით მყოფმა გიორგი ცინცაძემ 40 ქულას მოუყარა თავი, რითაც ბათუმურ კლუბს შანსი არ დაუტოვა. სსაუ ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის გარშემო გაერთიანდა და ფინალშიც ზედმეტი გართულებების გარეშე გავიდა.
 
პირველი მეოთხედი ფრედ კი დამთავრდა, მაგრამ მეორედან ცინცაძე ამოქმედდა. მას კარგად შეეწყო ბექა წივწივაძე, რომელმაც 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.“ბათუმის“ ფარზე მქონე მცირე უპირატესობა აგრარელებმა უკანა ხაზის აქტიურობით გააბათილეს. თანაც რევაზ ათანელიშვილი ძალიან გულმოდგინედ ებრძოდა და უმეტესად ჯაბნიდა კიდეც ზღვისპირელთა ტანმაღალ მოთამაშეებს – პლასიდე როდუმტასა და დავით იმნაძეს.
 
ბათუმელებს მცირე შანსი ბოლო მეოთხედის შუაწელში მიეცათ, როცა სსაუ–ს 6 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა ისევ ცინცაძისა და წივწივაძის შედეგიანი თამაშის წყალობით აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა გამარჯვებას მიაღწია და ფინალში გავიდა.
 
მაშ ასე – ხვალ, 23 იანვარს, 17 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის მე–7 გათამაშების ფინალი გაიმართება. ტიტულისთვის ერთმანეთს აგრარული და სახელმწუფო უნივერსიტეტის გუნდები შეერკინებიან: სსაუ თსუ–ს წინააღმდეგ.
 

სსაუ – ბათუმი
 

სსაუ – ბათუმი. გიორგი ცინცაძის გარღვევა
 

 

გიორგი ცინცაძე
 

ენერჯი – თსუ. ბურთითაა ჟოლივეტ ტუჯანი
 

 

ბავით ბარბაქაძე რუსთაველთა კალათს უტევს