გუშინ, კასპში დაწყებული “ა” ლიგის მე-5 ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. დიღმის არენაზე ერთმანეთს ვერა და თავისუფალი-აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებული გუნდი შეხვდა. ორივე გუნდი ლიდერების – რუსთავისა და გრიფინის კვალში არიან და მათი უმთავრესი მიზანი ამ ეტაპზე პლეი ოფში, ანუ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა.
ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი თავისუფალი-აგრარული საკმაოდ სოლიდურ გუნდად ყალიბდება. სტუდენტურმა გუნდმა პირველ წრეში მხოლოდ კასპის გრიფინთან და რუსთავთან წააგო, დანარჩენებს კი უპრობლემოდ სძლია და პირველი წრე 3 მოგებით დახურა. თავისუფალი-აგრარულის გუნდმა დღევანდელი შეხვედრა ვერას 15 ქულით – 78:63 (სტატისტიკა) მოუგო.
ბრძოლა პირველ ნახევარში იყო, რომელიც მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა დიდი შესვენებისთვის თავისუფალი-აგრარულის 6-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა – 35:29. ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა თავისუფალი-აგრარულმა აღნიშნული ათწუთეული 24:9 მოიგო, 21 ქულით დაწინაურდა და ბოლო პერიოდს სპორტული ინტერესი დაუკარგა.
საბოლოოდ უნივერსიტეტების გაერთიანებულმა გუნდმა 15 ქულით იმარჯვა, რაშიც ლომის წილი ჯორდან სმიტს უდევს – 23 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი. 13 ქულა დააგროვა ბრენდონ ანიანვუმ, 12 – თემურ ხითარიშვილმა. ვერაში 18 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის დოულსი.
მე-5 ტური და მასთან ერთად პირველი წრე ხვალ, თელავში დასრულდება, სადაც სათამაშოდ “სოხუმი-საქართველო” ჩავა.