11 ოქტომბერს თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირში, რომლის ორგანიზატორებიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არინ, 10 გუნდი მონაწილეობს. ზაზა ფაჩულიას აკადემია და საკალათბურთო კლუბი „მართვე“ 2-2 გუნდით არიან წარმოდგენილნი, ხოლო იბერი, დინამო, არმია, ჰიუნდაი, თსუ და აკადემია დედაქალაქის ჩემპიონატში თითო გუნდით მონაწილეობენ.
დედაქალაქის საუკეთესო გუნდის გამოვლენასთან ერთად ტურნირს საქართველოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი ეტაპის დატვირთვაც აქვს. 10 გუნდიდან 9 საუკეთესო ქვეყნის პირველობის საგზურს მოიპოვებს. 5-გუნდიან ჯგუფებში თამაშები 1 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ბოლო, მე-5 ადგილებზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო მატჩში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-9 საგზურისთვის დაუპირისპირდებიან. თბილისიდან საქართველოს ჩემპიონატზე გასულ 9 გუნდს რეგიონების 5 გუნდი დაემატება.
11 და 12 ოქტომბერს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში 8 მატჩი გაიმართა. სამმა გუნდმა მოახერხა ჩატარებული ორივე მატჩის მოგება. აკადემიამ, ზაზა 1-მა და იბერმა დაუმარცხებლად განვლეს საწყისი 2 ტური და პლეი ოფში თამაში – შესაბამისად საქართველოს ჩემპიონატის საგზურიც – გაინაღდეს. ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩები 13, 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც – 18 ოქტომბერს მეოთხედფინალები, ხოლო 19-ში ნახევარფინალები ჩატარდება.
თბილისის საუკეთესო და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები 20 ოქტომბერს, სპორტის ახალ სასახლეში გამოვლინდებიან.