თბილისის მერიის თასი: ეროვნული ნაკრების ახალი ტაქტიკა და ლაღად დამარცხებული ჩეხეთი (VIDEO)

თბილისის მერიის თასი: ეროვნული ნაკრების ახალი ტაქტიკა და ლაღად დამარცხებული ჩეხეთი (VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო თბილისის მერიის თასის გათამაშება. ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ილიას ზუროსის გუნდს მეტოქეობას ამჯერად ჩეხეთის ნაკრები უწევს და გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში უნდა გამოვლინდეს.
დღეს საქართველოს ნაკრებმა 87:76 იმარჯვა და თუკი 13 აგვისტოს, ტურნირის მეორე და დასკვნით მატჩში 11-ქულიან უპირატესობას შეინარჩინებს, თბილისის მერიის თასს დაეპატრონება. ტიტული კარგია, თუმცა ამ ეტაპზე უკეთესი თბილისის მერიის თასის მატჩებში მიღებული გამოცდილებაა.

საქართველო – ჩეხეთი: ფოტოალბომი
ევრობასკეტამდე ყველა მატჩი მოსამზადებელია და სწორედ ამ კუთხით იყო დღევანდელი შეხვედრა მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანი. მიმდინარე ციკლში ნაკრებში პირველად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც მოედანზე უპრედენტოდ დიდ ხანს იმყოფებოდა ჩვენი გუნდის მეორე ნომინალურ ცენტრ გიორგო შერმადინთან ერთად. ამ 2 ტანმაღალს ფრთის (3 ნომრის) პოზიციიდან ზურგს უმაგრებდა 207 სანტიმეტრი სიმაღლისა და ზებუნებრივი ჯანის მქონე თორნიკე შენგელია. ამ ტაქტიკამ გაამართლა და საქართველომ მეტოქე ფარქვეშ დაჩაგრა, თუმცა არსანიშნავია, რომ ჩეხეთს იან ვესელი და ანდრეი ბალვინი აკლდა და ნამატჩევ პრესკონფერენციაზეც სლავებმა წაგების დიაგნოზად სწორედ ეს დაასახელეს – საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეფარეები ჰყავს, ჩვენ კი ტანმაღალი მოთამაშეები გვაკლდა და აბა რას გავხდებოდითო.
ძნელია, ჩეხთა ებრაელ თავკაცს, რონენ გინცბურგს არ დაეთანხმო. ფაჩულიას, შენგელიას და შერმადინის შემჩერებელი ჩეხებში ვერავინ მოინახა. ილიას ზუროსმა კარგად გამოსცადა ეგრედ წოდებული “ორმაგი კოშკის” ტაქტიკა, როცა ორი ნომინალური ცენტრი ერთდროულად და ხანგრძლივად დგას მოედანზე. შერმადინი ცენტრი გახლდათ, ფაჩულია კი – თავდამსხმელი (4 ნომერი), რაც იდეალური ნაზავი გამოვიდა და ზაზასაც ბლომად პასები დაუგროვდა. ფაჩულიამ საბოლოოდ 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა (სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა), შერმადინი კი უმეტესწილად ამ პასების დამგვირგვინებელი იყო და დაზრვევაზე ამ 2 გოლიათს შენგელია ჰყავდა.
სწორედ ბოლო პერიოდში, როცა ეს 3 მოთამაშე იდგა მოედანზე, რომლებსაც უკანახაზელებმაც (გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, მაიკლ დიქსონი) კარგად აუწყვეს ფეხი, ქართველების უპირატესობამ 21 ქულას მიაღწია. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთზე ნაკლები რჩებოდა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და დარჩენილ დროში ჩვენი ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა კიდევ არაერთო კომბინაცია თუ ტაქტიკური მონახზი გამოსცადა.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან კარგი ტესტი გაიარა და ასე იქნება 13 აგვისტოსაც, როცა ეს ნაკრებები მეორეჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.
თბილისის მერიის თასი. სპორტის სასახლე. 11 აგვისტო
საქართველო – ჩეხეთი 87:76 (სტატისტიკა)

ვოიცეკ ჰრუბანი, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე: პირველ ტაიმში ასე თუ ისე წინააღმდეგობას ვუწევდით, მაგრამ მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა სადავეები ხელში აიღო, ჩვენც შეცდომები გვქონდა დაცვაში და დამსახურებულად გაიმარჯვა.
რონენ გინცბურგი, ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ყოველთვის ძალიან მიხარია საქართველოში ჩამოსვლა, სადაც ბევრი ქართველია იქ ყოველთვის ძალიან კარგი განწყობაა. ასეა ისრაელშიც. თამაშს რაც შეეხება თამაშამდე, როდესაც საქართველოს ნაკრების შემდაგენლობას გადახედავ, ხვდები რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლია, როგორიც მაგალითად ვესელია, ან ბაუდინი. საქართველო ერთერთი საუკეთესო ნაკრებია ევროპაში. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს. ფარქვეშ შესამჩნევი იყო საქართველოს უპირატესობა. საბოლოო ჯამში წინახაზის შეჩერება ვერ შევძელით და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი. საქართველოს წარმატებას ვუსურვებ ევრობასკეტზე და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ევრობასკეტზე. სამწუხაროდ ამ შემადგენლობით მოგვიწევს თამაში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს და წამყვანი მოთამაშეები ევრობასკეტზე ვერ დაგვეხმარებიან.
გიორგი შერმადინი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი: პირველ რიგში ჩემ გუნდელებს მივულოცავ ამ გამარჯვებას. მართალია ეს ამხანაგური შეხვედრაა, თუმცა მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. მომდევნო თამაშში შევეცდებით აუცილებლად გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც დღეს გვქონდა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა დაცვაში. მე, თორნიკე და ზაზა შეხვედრის რაღაც პერიოდში ერთად ვიყავით მოედანზე, ამ ტაქტიკაზეც ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შევეწყობით გუნდი მოედანზე და როგორ ვითამაშებთ ევროპის ჩეპიონატზე. ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენი მწვრთნელი და იმედს ვიქონიებ, რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში ტრადიციულად ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს გადავუხდი მადლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ასეთ ცხელ ზაფხულში. დღეს ჩვენ კარდინალურად განსხვავებული თამაში ვითამაშეთ, რადგან ვეთამაშეთ ისეთ კარგად გაწვრთნილ გუნდს, რომლის მსაგვსი მანამდე არ გვქონია. ძალიან კარგი 3-ქულიანების სროლა შეუძლიათ ჩეხეთის გუნდის მოთამაშეებს. მაღალი მოთამაშეებიც წარმატებულ სროლებს ახორციელებდნენ პერიმეტრიდან. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. დღეს ჩვენ ვცადეთ სხვადასხვა კომბინაცია, რომელიც ვარჯიშებზე არ გაგვივლია და აქამდე არ გამოგვიყენებია. სანამ ათენის ტურნირზე წავალთ, უნდა დავხვეწოთ და აღვმოვფხვრათ ის პრობლემები დაცავასა და შეტევაში, რაც დღეს გვქონდა. წინ კიდევ 20 დღე გვაქვს და ევრობასკეტამდე კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა. სამწუხაროდ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება ბექა ბურჯანაძე. სამაგიეროდ დაგვემატება ილია ლონდარიძე, რომელმაც ვარჯიშებზე და მოსამზადებელ პერიოდზე ძალიან კარგად გამოიჩინა თავი და ვფიქრობ იმსახურებს შანსს.
მანუჩარ მარკოიშვილი, საქათველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე: პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მთავარია მოვიგეთ. თუმცა უკმაყოფილო ვარ დაცვაში დაშვებული შეცდომებით. ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა იყო, თუმცა შემდეგ თამაშში ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ და მთავარია 31 აგვისტოს შევხვდეთ კარგად მომზადებული. ეს არის ჩვენი მიზანი.
 
ზაზა ფაჩულია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი: ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. ჩეხეთის ნაკრებს მაინცდამაინც გამოკვეთილი ცენტრი არ ყავთ და ეს გამოვიყენეთ. ყველას ვერ შეაჩერებ, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ. მთავარია გამარჯვება მოვიპოვეთ, თმცა ვფიქრობ რომ მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. დაცვაში განსაკუთრებით, დამერწმუნეთ, რომ კარგი დაცვა თამაშს გაგებინებს. გვაქვს ჩვენი სისტემა და ამ სისტემის მიხედვით ვმუშაობთ. ჩემთვის წელს ნაკრებთან პირველი თამაში იყო და რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით ევრობასკეტს, უფრო წინ წავალთ, უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი. ბექა ბურჯანაძე გამოგვაკლდება, თუმცა ტრავმები სპორტის ნაწილია და ის ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. მთავარია მოირჩინოს ტრავმა, რადგან წინ სერიოზული სეზონი ელოდება ესპანეთში. იმედს ვიქონიებ მალე დაუბრუნდება მოედანს.