მწყობრშია და სრული დატვირთვით ვარჯიშობს ახალგაზრდული ნაკრების ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე თორნიკე შენგელია. ესპანური „პამესას“ ქართველმა ფორვარდმა 1 თვის წინ ტრევიზოს კემპზე ყოფნისას მარჯვენა ხელის ცერა თითი იტკინა და საქართველოში ტრავმით დაბრუნდა.
იგი 2 კვირაზე მეტია, თბილისშია, მაგრამ ნატკენი თითის გამო დავით უსტიაშვილის გუნდში ვერ ვარჯიშობდა. როგორც ექიმებმა თქვეს, მას ძვალი ჰქონდა გაბზარული და მინიმუმ ორკვირიანი დასვენება ესაჭიროებოდა. შენგელია თითქმის ყოველ ვარჯიშზე დადიოდა და თანაგუნდელებსა და მწვრთნელს მოედნის მიღმიდან ადევნებდა თვალს. ამასობაში მას თითმაც გაუარა და თორნიკე ნაკრებს მოედანზეც შეუერთდა.
შენგელიამ გასულ სეზონში საკმაოდ ბევრი ითამაშა ვალენსიური „პამესას“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. ის კი არა, 17 წლის ქართველს ესპანური პრიმერადივიზიონის რამდენიმე მატჩი ძირითად ხუთეულშიც კი დააწყებინეს და თორნიკეს თავი არ შეურცხვენია. მიუხედავად მცირე ასაკისა, შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიცაა და ევროპის 20–წლამდელთა ჩემპიონატის (B დივიზიონი) შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდება.