თორნიკე შენგელიამ “ბასკონიას” ცსკა-სთან ქულით მოგებულ მატჩში ულიდერა

თორნიკე შენგელიამ “ბასკონიას” ცსკა-სთან ქულით მოგებულ მატჩში ულიდერა

თორნიკე შენგელიას ლიდერობით “ბასკონიამ” ევროლიგაში მოსკოვის ცსკა დაამარცხა. ვიტორიელებმა, რომლებიც პლეი ოფში გასასვლელად იბრძვიან, ევროლიგისა და მთლიანად კონტინენტის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით – 79:78 დაამარცხეს.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

შენგელიამ 23:30 წუთი ითამაშა და სროლები ასპროცენტიანი სიზუსტით შეასრულა. თორნიკემ 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 6 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.შენგელიამ ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი წესები 4-ჯერ დაარღვიეს. შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
შენგელიას კვალზე მასპინძელთაგან უნგრელი ადამ ჰანგა (15 ქულა), ამერიკელები შეინ ლარკინი (12) და ჩეიზ ბადინჯერი (10), ფრანგი კიმ ტილი (11) და გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (10 ქულა, 7 მოხსნა) გამოირჩნენ, ცსკა-ს კი ტრადიციულად, ფრანგმა ნანდო დე კოლომ (22 ქულა, 6 პასი) და სერბმა მილოშ თეოდოსიჩმა (19 ქულა, 6 პასი) ულიდერეს.
ამ გამარჯვებამ “ბასკონია” ცხრილში მე-5 ადგილამდე აღაზევა. შენგელიას გუნდს აქტივში 15 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს. მორიგი მატჩი ვიტორიელებს 21 მარტს, სტუმრად, გერმანულ “ბამბერგთან” ელით.