თორნიკე შენგელიასთვის სეზონი დასრულდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა ლაბორალ კუჩამ ესპანეთის პლეი ოფში მეოთხედფინალური სერია უნიკახასთან დათმო. სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩს მალაგამ უმასპინძლა და უნიკახამ საკუთრი მოედნის უპირატესობა კარგად გამოიყენა – 89:77 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
შენგელიას გუნდს მატჩი იოლად არ დაუთმია. პირველი პერიოდის 2 ქულით წაგების შემდეგ ვიტორიელებმა მძლავრი მომდევნო მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 30:23 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 51:46 იგებდნენ. მასპინძლებმა დიდ შესვენებაზე სხვა ტაქტიკა შეარჩიეს და წარმატებასაც მიაღწიეს. მესამე ათწუთეული უნიკახამ 18:8 მოიგო, რასაც წარმატებული დასკვნითი პერიოდიც მოაყოლა და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიაღწია.
შენგელია, რომელმაც მხოლოდ 19 წუთი ითამაშა, ვიტორიელთაგან შედეგიანობით მხოლოდ კიმ ტილის ჩამორჩა. ამ უკანასკნელის მარგი ქმედების კეფიციენტმა 17 შეადგინა და ის მხოლოდ 1-ით მეტია შენგელიას ანალოგიურ მაჩვენებელზე. თორნიკე სასტარტო ხუთეულში არ ყოფი იყო ლა და მოედანზე გატარებულ 19:09 ჭუთში 13 ქულა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა. შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
კიმ ტილიმ 25 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 15 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ფაბიენ კოსიემ 36 წუთში 8 ქულა და 4 პასი მიითვალა, მაიკ ჯეიმსი კი 16 ქულით ვიტორიელთა ბომბარდირი გახდა, თუმცა დანარჩენი უხეირო სტატისტიკის გამო მისმა საერთო მონაგრის კოეფიციენტმა მხოლოდ 5 ერთეული შეადგინა. მალაგელებს 19 ქულით ამერიკელმა ჯეისონ გრეინჯერმა ულიდერა, ესპანელმა ფრან ვასკესმა კი გამარჯვებულებს 14 ქულა და 11 მოხსნა მიაშველა.
ნახევარფინალში გასული უნიკახა ბარსელონას შეუწყვილდა, მეორე წყვილში კი მადრიდის რეალი ვალენსიას შეხვდება. ვალენსიელებმა ნახევარფინალის საგზური ბილბაოში, დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს, როცა მატჩის ბოლო წამზე მასპინძლები 71:70 დაამარცხეს.