ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში წარმატებული სვლა განაგრძო თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კლუბმა ევროპული საკალათბურთო ტურნირის მე-9 ტურის ფარგლებში საშინაო არენაზე თელ-ავივის „ჰაპოელს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, 97:83 დაამარცხა მეტოქე.
განსხვავებით წინა შეხვედრებისგან, სადაც თორნიკე თამაშში სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა, ამჯერად ქართველი ფორვარდი პირველივე წუთებიდან გამოჩნდა ძირითად ხუთეულში. პარკეტზე გატარებულ 18 წუთსა და 12 წამში შენგელიამ საკუთარ გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
თოკომ შეტევაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა და სროლებში კარგი სიზუსტე გამოავლინა — მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. პასივში ქართველ კალათბურთელს 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა, ხოლო მეტოქეები მისი შეჩერების მიზნით წესებს ორჯერ დაირღვიეს.
არაბული კლუბის შემადგენლობაში შეტევის ხაზში ყველაზე პროდუქტიული ფილიპ პეტრუშევი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა. ელი ოკობომ გუნდს 18 ქულა მოუტანა, ხოლო დუეინ ბეიკონის აქტივში 17 ქულა შევიდა.
ამ გამარჯვების წყალობით, შენგელიას კლუბს მიმდინარე სეზონში 6 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ „დუბაი“ ლიდერ „პანათინაიკოსს“ მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჩამორჩება.
საკლუბო კალენდრით, „დუბაი“ უახლოეს მატჩს ადრიატიკის ლიგის ეგიდით გამართავს და 2 ნოემბერს ხორვატულ „ზადარს“ უმასპინძლებს, ხოლო ევროლიგის მორიგი ტურის შეხვედრას 6 ნოემბერს ბოლონიაში ჩაატარებს, სადაც თორნიკე შენგელია თავის ყოფილ გუნდს, „ვირტუსს“ დაუპირისპირდება.