თორნიკე შენგელიამ “ჩიკაგო ბულსში” პირველი ქულები დააგროვა. დღეს, გამთენიისას, “დენვერ ნაგეტსთან” მოგებულ მატჩში ჩიკაგოელთა ქართველმა ფორვარდმა 3,15 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა.
“ბულსმა” “დენვერი” დამაჯერებლად – 117:89 დაამარცხა, რითაც გამარჯვებათა სერია 5 მატჩამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს ტიმ ტიბოდომ განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. შენგელიამ ერთადერთი ორქულიანი ზუსტად შეასრულა და 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ჩიკაგოელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 7-მა კალათბურთლმა მიაღწია, რომელთაგან უმეტესი – 22 ქულა – დიჯეი აუგუსტინმა დააგროვა. 20 ქულა ჰქონდა ტონი სნელს, ხოლო იოაკიმ ნოამ მატჩი ორმაგი დუბლით – 14 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.
“ჩიკაგოს”, რომელსაც 29 მოგება და 25 მარცხი აქვს და ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩი 24 თებერვალს, სტუმრად “მაიამისთან” ელის.