უხელფასოდ და წამყვანი მოთამაშეების გარეშე დარჩენილმა თსუ–მ სუპერლიგის მე–11 ტურის ცენტრალურ მატჩში თანასწორი ბრძოლა გაუმართა წელგამართულ „სასოფლოს“ და რომ არა ბოლო წუთებზე მოდუნება, გამარჯვებასაც გამოჰკრავდა ხელს.
პირველი წრის შემდეგ სწორედ „სასოფლოში“ გადავიდა თსუ–დან გიგი ბარბაქაძე და გიორგი ყველაშვილი – სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა სხვა ძლიერი მოთამაშეებიც დაკარგეს, თუმცა დღევანდელ მატჩში მათ დასუსტების არაფერი ეტყობოდათ. პირიქით, ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა „სასოფლოს“ ახლა უფრო მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ვიდრე პირველ წრეში. გასული წლის 26 ოქტომბერს „სასოფლომ“ 103:88 მოუგო თსუ–ს, დღეს კი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა და ბოლო წუთებზე რამდენიმე ზუსტი სროლის წყალობით მოიგო.თსუ–ს მოთამაშეები გაჭირვებამ ალბათ უფრო გააერთიანა, რადგან ისინი ყოველი ბურთისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ და უმეტეს შემთხვევასი სჯაბნიდნენ კიდეც მეტოქეს.ბევრით არა, თუმცა თსუ ძირითადად სულ წინ იყო. ჭეიშვილის შეგირდებმა პირველი მეოთხედი ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 43:37 დაწინაურდნენ.მეორე ტაიმის განახლებასთან ერთად „სასოფლო“ გამოცოცხლდა, რაც ბექა წივწივაძისა და გიორგი მარხვაშვილის აქტიურობას მოჰყვა. ერთი ხანობა მიხეილ კობეშავიძის გუნდი დაწინაურდა, თუმცა თსუ–მ ერთხელაც მოინდომა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 4 ქულას იგებდა.მატჩის ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გუნდები თითქმის მორიგეობით იხვეჭდნენ ქულებს და ანგარიშიც თანაბრად იზრდებოდა. საფინალო სირენამდე ორიოდ წუთით ადრე „სასოფლო“ ქულას იგებდა, თსუ–მ კი შეტევები გააფუჭა, რაც თამაშის წაგებად დაუჯდა. წივწივაძემ შედეგიანი გარღვევა განახორციელა, ირაკლი გულისაბედაშვილმა კი უმნიშვნელოვანესი სამიანი გაისროლა და დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე „სასოფლო“ 74:68 დაწინაურდა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.ტურის დანარჩენ ორ მატჩში ბრძოლა არ შედგა – „ნტდ–თბილისმა“ 38 ქულით დაამარცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, ხოლო „დინამომ“ 88:52 მოუგო „მაკაბის“.