თსუ-ს ერთი ზუსტი სროლა დააკლდა, ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში რომ ემარჯვა. დღეს კი საორჭოფო არაფერი არ გაუხდია და დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
სერიის პირველ მატჩში დიდი ბრძოლა იყო, სსაუ-მ ბოლო წამებზე მოიგო და ნამდვილად არ გვეგონა, თუ 40 წუთს მოთამაშე თსუ-ს ხუთეულს მეორე დღეს აგრარელებთან საბრძოლველად ენერგია შერჩებოდა. …მაგრამ, ალბათ სსაუ-ს გასაოცრადაც ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებმა საკუთარ თავში მონახეს ძალა მეორე მატჩის უკეთესად ჩასატარებლად. შიო ხეცურიანს, შალვა კოხრეიძეს, გიორგი მარკოიშვილს და გიორგი გაფრინდაშვილს მეორე მატჩშიც დიდი ენერგიის გაღება მოუწიათ, მაგრამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა მწვრთნელის გადაწყვეტილებამ. მან საიდუმლო იარაღად გიორგი კუჭავა შემოინახა და პირველ მატჩში უთამაშებელ კალათბურთელს 20 წუთი ენდო. კუჭავამაც გაამართლა – მნიშვნელოვან ეპიზოდებში სამი სამქულიანი (ოთხიდან) ჩააგდო და 11 ქულა დააგროვა. მატჩის ბედი აქაც სამქულიანმა გადაწყვიტა: სირენამდე 3 წუთით ადრე გიორგი მარკოიშვილმა შორეული ტყორცნით თანაგუნდელები 75:68 დააწინაურა. საპასუხოდ გიორგი მარხვაშვილმაც იგივე გაიმეორა, მაგრამ მატჩის შემობრუნებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. შემდეგი მატჩი ასევე თბილისში, 2 მაისს გაიმართება და 14:15 საათზე დაიწყება.