თსუ–მ რუსთავში გმირულად მოიგო

თსუ–მ რუსთავში გმირულად მოიგო

სეზონის ყველაზე მებრძოლი გუნდის პრიზი რომ იყოს დაწესებული, მას
ეჭვგარეშე თსუ მიიღებდა. სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა რუსთავში ომი გაუმართეს „ენერჯი–ინვესტს“
და გამარჯვება კბილებით მოიპოვეს.

13 მაისს ფინალური სერიის პირველ მატჩში დამარცხებასთან ერთად თსუ–მ
დიდი დანაკლისი განიცადა ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი გაფრინდაშვილის
დაშავებით, რომელიც თამაშზე ყავარჯნით მოვიდა. მის ნაცვლად ხუთეულში გამოჩენილი
გიორგი კუჭავა კი დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა რუსთაველებისთვის. მან ჩინებულად
ითამაშა და თსუ–მ რომ გაიმარჯვა, კუჭავას გვარიანი დამსახურებაცაა.

სრული ფოტოგალერეა

თუმცა არ იქნება მართებული, თსუ–ს მოთამაშეებიდან ვინმე გამოვარჩიოთ.
ყველა, ვინც მოედანზე გამოვიდა, ბოლომდე იბრძოდა. მოედნის ყოველ წერტილში, გინდ
საკუთარ ფართან ახლოს, გინდ შუაში, გინდაც მეტოქის ფართან – ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდები
არაფერს თმობდნენ და სწორედ ამის ხარჯზე მთელი თამაშის მანძილზე მასპინძლები წინ
არ გაუშვიათ.

კუჭავას სამქულიანებმა და სწრაფმა გარღვევება რუსთაველები თავიდან
დააბნია. ეს მათთვის მოულოდნელი იყო და სანამ მისი განეიტრალებისთვის იზრუნებდნენ,
შალვა კოხრეიძე ამოქმედდა და პირველი მეოთხედის დასრულებისთვის თბილისელები 28:18
დაწინაურდნენ.

მეორე მეოთხედში თსუ–ს უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა. რუსთაველებს
გაცილებით გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავდათ და შეცვლებსაც ხშირად
ახორციელებდნენ, თუმცა ვერც ახალშემოსულებმა და ვერც ლიდერთა დასვენებამ შედეგი
ვერ გამოიღო. თსუ–ელებმა კბილებით დაიცვეს საკუთარი ფარი და დიდი შესვენებისთვის
10–ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

მესამე მეოთხედში ისეთი რამ მოხდა, რომ თუკი რუსთაველებს მოგება
სურდათ, უკეთესს ვერც ინატრებდნენ. რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება ზეგ მესამე
მეოთხედის დასრულების ზღვარზე მოახერხეს. თსუ–ელები, რა გასაკვირია და,
გადაიღალნენ, ხუთეულის კიდევ ერთმა წევრმა დავით ბარბაქაძემ კი ფეხი ამოიტრიალა და
მოედნიდან რამდენიმე წუთით გავიდა. კუჭავა და კოხრეიძე კი 4–4 პერსონალურით იყვნენ
დახუნძლულნი და ამას ლოგიკურად მოჰყვა მასპინძელთა გააქტიურება. „ენერჯი–ინვესტის“
ლიდერი ზვიად ბაბიაშვილი და კამერუნელი ლეგიონერი ჟოლივეტ ტუჯანი ფარქვეშ
ამოქმედდნენ, ხოლო უკანა ხაზში კოტე ტუღუმა და დომონიკ ტილფორდმა იძალეს. ამ
უკანასკნელმა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1,8 წამით ადრე ფარქვეშიდან
გამთანაბრებელი ბურთი ჩააგდო, თანაც ამ დროს მასზე თსუ–ელები დაჯარიმდნენ.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ რუსთაველები ბოლო შესვენებაზე ლიდერებად უნდა
გასულიყვნენ, მაგრამ ტილფორდმა საჯარიმო ააცილა, ბურთის მოსახსნელად ბრძოლაში კი
რუსთაველეი გიორგი პირველაშვილი დაჯარიმდა. ორივე საჯარიმო ვახტანგ მინაშვილმა
მიითვალა და ბოლო მეოთხედის წინ თსუ 65:63 იგებდა.

რუსთაველებს თამაშის შემოსაბრუნებლად მთელი 10 წუთი ჰქონდათ, ჩამორჩენა
თითქმის გაბათილებული ჰქონდათ, თუმც თსუ–მ შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა
და ისე ჩაამთავრა თამაში, რომ რუსთაველება არათუ წინ გასვლა, ანგარიშის
გაბათილებაც კი ვერ მოახერხეს. თანაც მალე გავარდნის ზღვარზე მყოფი თსუ–ელების
რიცხვი ოთხამდე გაიზარდა – კოხრეიძეს და კუჭავას ვახტანგ მინაშვილი და ირაკლი
კეიდიაც შეემატნენ. ბოლო 5 წუთი ასე ბეწვის ხუდზე იარა თსუ–მ და როცა კუჭავა
გავარდა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა, თბილისელები კი 5 ქულით იგებდნენ.

გიორგი პირველაშვილმა სირებამდე წუთნახევრით ადრე მნიშვნელოვანი
3–ქულიანი ჩააგდო და რუსთაველთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმც მოედანზე
იძულებით გამოსულმა, ფეხმტკივანმა მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც მოედანზე სულ რაღაც
2,47 წუთი დაჰყო, საჯარიმოჩააგდო, რასაც ტილფორდის აცილება და შიო ხეცურიანის უმნიშვნელოვანესი,
შედეგიანი გარღვევა მოჰყვა – 78:74 თსუ–ს სასარგებლოდ, თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე.

თბილისელები კოტე ტუღუშზე დაჯარიმდნენ, ამ უკანასკნელმა კი პირველი
ჩააგდოო, მეორე ააცილა და ბურთი თსუ–ელმა დავით ხიზანიშვილმა მოიხელთა. თსუ–მ საპასუხო
შეტევაში ყველაფერი გადაწყვიტა – კოხრეიძემ ზუსტი პასი მიაწოდა ბარბაქაძეს და ამ
უკანასკნელმა თბილისელთა უპირატესობა საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე 5
ქულამდე გაზარდა – 80:75.

დარჩენილ მცირე დროში რუსთაველებმა ვეღარაფერი გააწყვეს ერთ მუშტად
შეკრულ თსუ–ელებთან ბრძოლაში და ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა საერთო ანგარიში
გაათანაბრა – 1:1.

ფინალური სერია ახლა თბილისში გადაინაცვლებს. 17 და 19 მაისს მატჩებს
სპორტის სასახლე უმასპინძლებს და თუკი გუნდებმა მოგებ–წაგება კვლავ გაცვალეს,
მაშინ 21 მაისს მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა კვლავ რუსთავში გაიმართება.

სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/09-10/result/270