დრამატული გამოდგა თსუ–სა და „სოხუმის“ შეხვედრა. მატჩის ბედი
ბოლო წამებზე გაირკვა. ილია ლონდარიძის ზუსტმა საჯარიმომ სტუდენტებს მეორე გამარჯვება მოუტანა.
ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში ერთი გუნდის მხრიდან სამი
ამერიკელი თამაშობდა. სოხუმელებს ამ დღეებში მესამე ოკეანგაღმელი ლეგიონერი
შეუერთდათ, რომელიც თსუ–სთან მატჩში ხუთეულში გაამწესეს. მაიკ მაქქერი არ ჩანს
ცუდი მოთამაშე, მაგრამ ახალ გუნდთან საადაპტაციოდ ალბათ დრო დასჭირდება. ის
მოედანზე შესვლისთანავე გააქტიურდა, მაგრამ სამი ბურთი მიჯრით დაჰკარგა და
მწვრთნელმა მოედნიდან გაიხმო. მაქქერის გარეშეც არ გასჭირვებიათ სოხუმელებს და
ირაკლი სორდიას სამქულიანების წყალობით პირველი მეოთხედი 26:24 მოიგეს, მერეში კი
ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწიეს.
მესამე პერიოდში სოხუმელთა ლიდერობამ 16 ქულას მიაღწია (66:52), თუმცა
ეს იყო თსუ–ს გამოღვიძების საბაბი, რის შემდეგაც სტუდენტებმა ყველა კომპონენტში
იძალეს. მესამე მეოთხედში დარჩენილ 4 წუთში სოხუმელებმა ბურთი ვეღარ ჩააგდეს, ეს „მშრალი“
პერიოდი ბოლო მეოთხედშიც გაგრძელდა და მთლიანობაში თსუ–მ ეს მონაკვეთი 18:0 მოიგო
და 70:66 დაწინაურდა. თავი გამოიჩინა მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულა მიითვალა და 2 ტურის ჯამში სუპერლიგის ბომბარდირია.
თუმცა სოხუმელები არ დანებდნენ, მათი ამერიკელი ლეგიონერი კარლოს
დამუსი ფარქვეშ გამაგრდა და თამაშიც გათანაბრდა. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა.
რიჩარდ დამუსმა სორდიას აცილებული სამქულიანი მოხსნა, დაამატა და „სოხუმი“ 2 ქულით
დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე 40 წამი რჩებოდა და თსუ–ელებმა მატჩის
გადასარჩენად შეუტიეს. გიორგი მარხვაშვილმა შედეგიანი გარღვევა განახორციელა
სირენამდე 20 წამით ადრე, თან სოხუმელი აიძულა, დაჯარიმებულიყო, თუმც მარხვაშვილმა
საჯარიმოს ჩაგდება ვერ მოახერხა და ბურთს სოხუმელები დაეუფლნენ. ლაშა ფარღალავამ
უკანმოუხედავად შეუტია, თუმცა ტაქტიკური თვალსაზრისით, უმჯობესი იქნებოდა, ბურთი
დაეჭირა და დრო გაეყვანა. თსუ–ს საჯარიმოს მიახლოვებულმა ფარღალავამ ბურთი დაკარგა
და სტუდენტებმა შეტევა წამოიწყეს. თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე ლონდარიძემ
სოხუმელთა ფარს შეუტია, მას რიჩარდ დამუსმა დაუფარა, თუმცა მსაჯმა ჯარიმა
დააფიქსირა და თსუ–ელმაც 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება
მოუტანა.
სოხუმელები ამტკიცებდნენ, რომ დამუსმა ლონდარიძეს სუფთად დაუფარა,
თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და ოვერტაიმის ზღვარზე მისული მატჩი თსუ–ს
ერთქულიან გამარჯვებით – 94:93 დასრულდა.